ნასა მთვარეზე სასწრაფოდ ბრუნდება, ამჯერად სამუდამოდ
ნასა მთვარეზე სასწრაფოდ ბრუნდება, ამჯერად სამუდამოდ

ნასას ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების გეგმა აქტიურ ფაზაში გადაჰყავს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ამერიკელები იქ ამჯერად მუდმივად დარჩებიან.

ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, სააგენტო აჩქარებს მთვარეზე დაბრუნების გეგმას. საქმეში ამჯერად კერძო კომპანიებსაც გამოიყენებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მთვარეზე რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ. ამჯერად იქ დასარჩენად მივდივართ. არ ვაპირებთ, რომ იქ უბრალოდ დროშები აღვმართოთ, ნაფეხურები დავტოვოთ, შემდეგ დედამიწაზე დავბრუნდეთ და მომდევნო 50 წელი იქ აღარ წავიდეთ“, — განაცხადა ბრაიდენსტაინმა ვაშინგტონის შატაბბინაში გამართულ შეხვედრაზე.

ბრაიდენსტაინის თქმით, ისინი ამას მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებულად აკეთებენ, მდგრადად, რომ ადამიანებმა იქ რეგულარულად იარონ.

უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, აპოლო 717-ის მისიის წევრი იუჯინ სერნანი იყო 1972 წელს.

იქამდე, ვიდრე ადამიანები მთვარის ზედაპირზე ფეხს კვლავ დააბიჯებენ, 2024 წელს ნასა მთვარეზე უპილოტო ხომალდის დასმას გეგმავს. ზონდის ასაშენებლად სააგენტო უკვე ეპატიჟება კერძო სექტორსაც.

შეთავაზებების ვადა 2019 წლის 25 მარტს იწურება, შერჩეული წინადადებები კი მაისში გამოვლინდება.

მისიის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს ნასას სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ადმინისტრატორი თომას ზურბუკენიც. თუმცა, მას ეჭვი ეპარება, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოესწრება.

ნასას დაჩქარებული გეგმა განპირობებულია კოსმოსური პოლიტიკის დირექტივით, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი 2017 წლის დეკემბერში მოაწერა. დირექტივის მიხედვით, მთვარეზე ჯერ უპილოტო მისია უნდა გაიგზავნოს, ადამიანები კი სავარაუდოდ 2030-იან წლებში.

ნასა გეგმავს, რომ 2026 წლისთვის მთვარის ორბიტაზე ააგოს მცირე კოსმოსური სადგური, სახელად „კარიბჭე“. იგი ერთგვარი საგზაო სადგური იქნება მთვარის ზედაპირზე და იქიდან უკან მოგზაურთათვის. თუმცა, მასზე მუდმივად არ იქნება ეკიპაჟი, როგორც ეს დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა.

ისევე როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემთხვევაში, ნასა პროექტში მონაწილეობისათვის ამჯერადაც ეპატიჟება სხვა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი მოდულების, მთვარის სადგურების ანდაც მავალების შექმნით შეიტანონ.

პილოტირებულ მისიამდე, ნასა ასევე გეგმავს, 2019 წლის მიწურულს ან 2020 წელს მთვარეზე გაგზავნოს სამეცნიერო ინსტრუმენტები და სხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოები.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.