ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალებს დღეს გადასცემენ
11:54, 13.05.2018
ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალებს დღეს გადასცემენ.
დაკავებულთა ადვოკატების ინფორმაციით, ისინი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს არიან დაბარებულები, რომ საქმის სამ ტომიანი მასალები გადასცენ. სწორედ ამის შემდეგ ისაუბრებენ ისინი საქმესთან დაკავშირებით და წარდგენილ ბრალდებაზე.
ასევე ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარისთვის ექსპერტიზის პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. საუბარია იმ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობაზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კაფე გალერის დაცვის სამსახურის უფროსს ჩხრეკის დროს ამოუღეს. სწორედ ამ ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალის დაზუსტება მოხდეს.
ადვოკატი ხათუნა ხურცილავას განცხადებით, ისინი გამოძიებამ ჩააყენა არათანაბარ პირობებში, როდესაც სამართალდამცავმა უწყებებმა ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნეს, ხოლო ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.
ბრალდებულთა ადვოკატების ინფორმაციით, სავარაუდოდ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. ადვოკატების უმრავლესობა გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობა კი რვავე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებაა. დაკავებულთა უმრავლესობა დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით დაკავებულებს ბრალი გუშინ, დღის ბოლოს წარედგინათ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატიურად ყიდდნენ, თუმცა ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს. დაკავებულების უმრავლესობა ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.