ნაპოვნია ადგილი, სადაც თანამედროვე ადამიანთა წინაპრები გაჩნდნენ - ახალი კვლევა
ნაპოვნია ადგილი, სადაც თანამედროვე ადამიანთა წინაპრები გაჩნდნენ - ახალი კვლევა

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანების წინაპართა სამშობლო აღმოაჩინეს — დღევანდელი ბოტსვანა.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს აფრიკის მასშტაბით მცხოვრები 1200 ადამიანის მიტოქონდრიული დნმ — გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც მდედრობითი ხაზით გადაიცემა.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს, თუ რომელი გენი იყო ადამიანთა დნმ-შ9 უცვლელი დროთა განმავლობაში, ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი გამოჩნდა მდინარე ზამბეზის სამხრეთით გადაჭიმულ ერთ დროს ჭარბტენიან ლანდშაფტში, თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე.

მართალია, მეცნიერება თანხმდება, რომ თანამედროვე ადამიანი (Homo sapiens sapiens) აფრიკაში წარმოიშვა დაახლოებით 200 000 წლის წინ, უცნობი რჩებოდა, კონტინენტის კონკრეტულად რომელ ნაწილში მოხდა ეს ევოლუციური ეტაპი.

ახალი კვლევა ამ კითხვაზე პასუხს გვთავაზობს და ასევე აქარწყლებს მოსაზრებას, რომ ჩვენი წინაპრები აღმოსავლეთ აფრიკაში გაჩნდნენ.

კვლევის უფროსმა ავტორმა, ანთროპოლოგმა ვანესა ჰეიესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც ეს აღმოჩენა მიუთითებს, „დღეს მოსიარულე ყველა ადამიანის მიტოქონდრიული დნმ სწორედ ამ „სამშობლოში“ მიდის.

ვრცელი ჭარბტენიანი ზონა, სადაც ჩვენს წინაპართა აკვანი დაირწა

ჩვენს წინაპართა გეოგრაფიული წარმოშობის გასარკვევად, ჰეიესმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ადამიანების, მაგალითად, კოისანის ხალხის მიტოქონდრიული დნმ.

მიტოქონდრიული დნმ დედის ხაზით გადაიცემა და ხშირად იყენებენ ადამიანთა წარმომავლობის გასარკვევად, რადგან მასში შერეული არ არის მამის ხაზის დნმ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ის მცირედ იცვლება და სუფთა კავშირს ინარჩუნებს შორეულ წინაპრებთან.

როცა საქმე ეხება მიტოქონდრიულ დნმ-ს, ყველა თანამედროვე ადამიანს აქვს საერთო გენების ჯგუფი, რომელსაც L მაკრო-ჰალოჯგუფს უწოდებენ.

ეს L ჯგუფი იყოფა ორ ქვეჯგუფად — L1-6 და L0. ეს უკანასკნელი ფიქსირდება სამხრეთ აფრიკის ხალხებში და ჰეიესის ჯგუფმაც სწორედ ის შეისწავლა. კვლევის თანაავტორის, ევა ჩანის განცხადებით, ეს გახლდათ L0-ის უდიდესი კვლევა ამ დრომდე ჩატარებულთა შორის.

ამ გენეტიკური მასალის ანალიზების საფუძველზე მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ დღევანდელი ადამიანები ვართ შთამომავლები ქალისა, რომელიც 200 000 წლის წინ თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

რეგიონს, სადაც ეს ქალი ბინადრობდა, მაკგადიკგადი-ოკავანგოს პალეო-ჭარბტენიან ტერიტორიას უწოდებენ, მდებარეობდა თანამედროვე მდინარე ოკავანგოს დელტასთან და სავსე იყო ტბებითა და მცენარეულობით.

ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა, რომლებიც ასევე მოიცავს ან ზონის იმდროინდელი კლიმატის რეკონსტრუქციას, დაადგინა, რომ Homo sapiens sapiens-ი ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 70 000 წლის განმავლობაში ბინადრობდა.

ამის შემდეგ, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი წინაპრები ორ ტალღად გაიყვნენ – პირველი ჯგუფი ჩრდილო-აღმოსავლეთით გავრცელდა 130 000 წლის წინ, მეორე მიგრაცია კი სამხრეთ-დასავლეთისკენ მოხდა 110 000 წლის წინ.

ჰეიესის განცხადებით, ეს მიგრირებადი ჯგუფები სავარაუდოდ ცხოველთა ჯოგებს მიჰყვებოდნენ.

თუმცა, ეს ქრონოლოგია წინააღმდეგობაში მოდის მეცნიერთა მიერ ნამარხ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შექმნილ ქრონოლოგიასთან.

ანატომიურად თანამედროვე ადამიანის უძველესი ნამარხები, თავის ქალა და სხვა ძვლები 195 000 წლის წინანდელია და ეთიოპიაშია აღმოჩენილი, რაც მრავალ მეცნიერს აფიქრებინებს, რომ თანამედროვე ადამიანთა წინაპრები აღმოსავლეთ აფრიკაში გაჩნდნენ.

ახალი გენეტიკური ანალიზები ასევე დამაჯერებლობას სძენს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ადამიანები აფრიკაში ერთ ადგილას წარმოიშვნენ და შემდეგ გავრცელდნენ თანამედროვე ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. არსებობს საწინააღმდეგო თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც, ჩვენი წინაპრები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, ერმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთდროულად გაჩნდნენ.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ბოტსვანიდან წამოსულმა ორტალღიანმა მიგრაციამ „გზა მოუმზადა აფრიკიდან თანამედროვე ადამიანთა შემდგომ მიგრაციას“.

კითხვის ნიშნები

თუმცა, ახალ კვლევას მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება. მაგალითად, ლეჰმანის კოლეჯის ანთროპოლოგი რაიან რააუმი, რომელიც აფრიკის მოსახლეობის გენეტიკას იკვლევს, ფიქრობს, რომ ახალ კვლევას მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს. მისი თქმით, ავტორები საკმარისად შორს არ წასულან იმისათვის, რათა ასეთი ქრონოლოგია შეექმნათ.

მისი თქმით, ჰეიესის ჯგუფმა განსაზღვრა L0 ჰალოჯგუფის წარმომავლობა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობის მიტოქონდრიული დნმ L-შტოს L1-6 ქვეჯგუფამდე მიდის და არა და L0 ჰალოჯგუფთან.

ჰეიესის ჯგუფის კვლევის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მათ მხოლოდ დედის ხაზის მიტოქონდრიული დნმ შეისწავლეს.

დნმ-ს უჯრედის ორი ნაწილი ატარებს — ბირთვი, სადაც თავს იყრის გენეტიკური მასალის უმეტესობა და მიტოქონდრია.

ბირთვის დნმ მემკვიდრეობით გადაიცემა ორივე მშობლისგან და გადადის Y ქრომოსომის გასწვრივ; მიტოქონდრიული დნმ კი მხოლოდ დედისგან გადადის.

ნამარხებში ბირთვის დნმ უიშვიათესია და სწორედ ამიტომ არ ხდება მისი შესწავლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ კვლევას არ შეუძლია ჩვენს წინაპართა პოპულაციის სრული გენომის შესწავლა.

2014 წელს, ანთროპოლოგებმა Y ქრომოსომის მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრეს თანამედროვე ადამიანთა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ხაზი. ეს პოპულაცია 160 000 წლის წინ ცენტრალურ-დასავლეთ აფრიკაში ბინადრობდა.

ამ კვლევის მიხედვით, დღევანდელი ადამიანების წინაპარი იყო მამაკაცი, რომელიც ჰეიესისა და მისი კოლეგების მიერ შემოთავაზებულისგან სრულიად განსხვავებულ ადგილას ცხოვრობდა.

ჰეიესი აღიარებს, რომ სრულმა გენომმა შეიძლება სხვანაირი შედეგები დადოს.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბოტსვანა თანამედროვე ადამიანთა სამშობლო, ახალი კვლევა გადაჭრით ასკვნის, რომ აფრიკის ეს ნაწილი ნამდვილი ოაზისი იყო ჩვენი წინაპრებისთვის. ეს კი მნიშვნელოვანი დამატებითი ცნობაა ადამიანის ევოლუციის კვლევაში.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.