ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი გაკოტრების პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს 
ნანა ამისულაშვილი - გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი გაკოტრების პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს 

გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი გაკოტრების პროცედურების მნიშვნელოვან გამარტივებას ისახავს მიზნად, რათა ბიზნესს ფინანსური სირთულეების შემთხვევაში, გამოსავლის პოვნა გაუადვილოს. სიმარტივის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილად კი, ახალი კონცეფცია განიხილება, რომელმაც გაკოტრების პროცედურის დაწყება ერთიანი ევროპული სტანდარტით უნდა განსაზღვროს, – ამის შესახებ პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაჭიანურების პრობლემები განიხილეს, რაც ქართული ბიზნესგარემოს ერთ-ერთ მთავარ ნაკლად მიიჩნევა.

როგორც გადაცემის თანაწამყვანმა, კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს კარგი პოზიციის მიუხედავად, გაკოტრების პროცედურების სიმარტივის კუთხით საქართველო ჯერ კიდევ მე-60 ადგილს იკავებს.

ამისულაშვილის განმარტებით, გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უკვე წარედგინა, ფინანსური სირთულეების შემთხვევაში, ბიზნესს გამოსავლის პოვნას გაუმარტივებს.

პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი რამდენიმე სიახლეს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება ახალი ევროპული ერთიანი სტანდარტით მოხდება, რაც ყველა კრედიტორს სახელმწიფოს ჩათვლით, თანაბარ პირობებში აყენებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო პრივილიგირებულ მდგომარეობაშია.

„მოქმედი კანონის მიხედვით, გადახდისუუნარობის პროცედურების დაწყება გარდამავალ ეტაპს გულისხმობს, სადაც კრედიტორებისთვის სხვადასხვა სტანდარტია: შემოსავლების სამსახურს ბევრად მაღალი შესაძლებლობა აქვს, გადახდისუუნარობის საქმე დაიწყოს, სხვა კრედიტორებს უფრო რთული პირობები აქვთ. ეს ძალიან გამარტივდა – პროცედურის დაწყება ერთი გადახდისუუნარობის ტესტის მიხედვით მოხდება, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს, როგორც სახელმწიფოს, ისე ყველა სხვა კრედიტორს“, – განმარტა ნანა ამისულაშვილმა.

გარდა ამისა, კანონპროექტი გარდამავალ ეტაპზე, როდესაც უნდა გაირკვეს ბიზნესი გაკოტრების რეჟიმში გადავა თუ რეაბილიტაციის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კომპანიისთვის მეურვის დანიშვნისა და მომრიგებელთა საბჭოს შექმნის სავალდებულო პროცედურებს აუქმებს.

ამისულაშვილის განმარტებით, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნული პროცედურები ბიზნესის ინტერესებზე მორგებული არ იყო, რადგან არ აკონკრეტებდა მოქმედების ვადებს, წლობით ჭიანურდებოდა და ხშირად, უფრო ბიზნესის გაკოტრებას უწყობდა ხელს, ვიდრე რეაბილიტაციას.