ნაძალადევში პირველად, გეოდინამიკური მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში გეოდინამიკური პროცესების შეფასების მიზნით, ყველა უბნის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები რაიონის მასშტაბით პირველად ტარდება.
ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-5 ა კორპუსთან მიმდინარე საველე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისთვის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაიონში არსებული ყველა ფერდობის, 11 ლოკაციის – სულ 120 ჰა ტერიტორიის შესწავლა პირველად მოხდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად განვსაზღვროთ, სად არის საჭირო პრევენციული ზომების მიღება და სად დგას ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. აქამდე, მეწყერსაშიშ ზონებზე ზოგადი ინფორმაცია გვქონდა, კვლევის დასრულების შემდეგ კი რაიონში არსებული მეწყრული პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
პროექტის ფარგლებში, გეოდინამიკური პროცესების შესწავლა მოხდება ზღვის უბნის მე-3, მე-4 მიკრორაიონებსა და შეშელიძის ქუჩებს შორის არსებული ფერდობის, ბეჟანიშვილის, ილურიძის, ლომთათიძის, ინანიშვილის, ღუდუშაურის, ღრმაღელეს, ურიდიას, სანერგეს, სვანეთის, ბენდელიანის ქუჩების მიმდებარედ არსებული ფერდობების. ასევე, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდება ხევძმარის, გვაზაურის, ლოტკინის მთისა და სვანეთის ქუჩის მიმდებარე ხევებში.
კვლევას ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს „გიმი“ აწარმოებს. საბოლოო შედეგებსა და შესაბამის დასკვნას კონტრაქტორი კომპანია აპრილში წარმოადგენს.