თბილისში ჩანახატებით გაფორმებული პირველი მუსიკალური შადრევნები მოეწყო
თბილისში ჩანახატებით გაფორმებული პირველი მუსიკალური შადრევნები მოეწყო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოზაიკური ჩანახატებით გაფორმებული ორი მუსიკალური შადრევანი  მოეწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოს მასშტაბით, შადრევნების ფოტოჩანახატებით გაფორმება პირველად მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ერთი მათგანი თემქის ცენტრალურ გზაზე (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) არსებულ სკვერში, მეორე კი, ც.დადიანის ქუჩაზე, მეტროსაგდურ „ნაძალადევის“ გვერდით რეაბილიტირებულ სკვერში მოეწყო.

მუსიკალური შადრევნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ პარლამენტის წევრ ზაზა გაბუნიასთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, რომ ორივე შადრევანი ამოქმედებულიყო. კარგია, რომ უკვე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ამ ლამაზი სანახაობით ისიამოვნოს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ორივე მუსიკალურ შადრევანს 10-მდე ფუნქცია აქვს და ღამის საათებში რამდენიმე ფერში ნათდება. განათებულია მოზაიკური ჩანახატებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.