ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი საკმაოდ უცნაურია.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდის, „გაიას“ მიერ შეგროვებული მონაცემების ახალი ანალიზის მიხედვით, მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავთგროვა იფლითება, თანაც, არა მხოლოდ ნორმალური პროცესების შედეგად, არამედ რაღაც მასიურის გრავიტაციის გამოც, რომელსაც ვერ ვხედავთ.
ასტრონომთა განცხადებით, ვარსკვლავთგროვის ასე დაშლა შეიძლება მიგვანიშნებდეს მის ახლომახლოს არსებულ ბნელი მატერიის გროვაზე, რაც მის მისადგომებთან მდებარე ნებისმიერ რამეზე ახდენს გრავიტაციულ ქაოსს.
სინამდვილეში, გრავიტაციული ძალების მიერ ვარსკვლავთგროვების დანაწევრება გარდაუვალია. ვარსკვლავთგროვა, როგორც ამას სახელიც მიუთითებს, არის ვარსკვლავების მჭიდრო, მკვრივი კონცენტრაცია. გრავიტაციული ურთიერთქმედება სისტემის შიგნითაც კი შეიძლება საკმაოდ მკაცრი იყოს.
ამ შიდა ურთიერთქმედებებსა და გარე, გალაქტიკურ მოქცევით ძალებს, ანუ თავად გალაქტიკის მიერ მოდებულ გრავიტაციას შორის, ვარსკვლავთგროვები შეიძლება დაიშალოს ვარსკვლავთა მდინარეების სახით, რომლებსაც მოქცევით ნაკადებს უწოდებენ.
ცაში ამ ნაკადების დანახვა ძალიან რთულია, რადგან ხშირად საკმაოდ ძნელია ვარსკვლავებს შორის მანძილთა დადგენა და შესაბამისად, ვარსკვლავების დაჯგუფებაც. თუმცა, ხომალდი „გაია“ ირმის ნახტომი ყველაზე დეტალური და ზუსტი სამგანზომილებიანი რუკის შექმნაზე მუშაობდა; შეაგროვა მონაცემები რაც შეიძლება ბევრი ვარსკვლავის ზუსტი ადგილმდებარეობისა და გადაადგილების სიჩქარის შესახებ.
ვინაიდან ვარსკვლავთგროვიდან გამოსული ვარსკვლავები იმავე სიჩქარეს ინარჩუნებენ, რაც გროვაში ჰქონდათ, „გაიას“ მონაცემები ასტრონომებს მანამდე უცნობი ბევრი მოქცევითი ნაკადის იდენტიფიცირებაში დაეხმარა; ასევე გამოავლინეს ვარსკვლავთგროვები მოქცევითი კუდებით — ანუ ვარსკვლავებისგან შედგენილი „ძაფები“, რომლებიც გროვის წინა და უკანა ნაწილებიდან გაედინებიან.
2019 წელს, „გაიას“ მონაცემთა მეორე პაკეტში ასტრონომებმა მოქცევითი კუდების ნაკადები აღმოაჩინეს ჰიადებში — დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავთგროვაში, რომელიც ჩვენგან 153 სინათლის წლით არის დაშორებული.
ამან კი ასტრონომ ტერეზა ჯერაბკოვას და მისი კოლეგების ყურადღება მიიქცია ევროპის კოსმოსური სააგენტოდან და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიიდან. როდესაც ხელმისაწვდომი გახდა გაიას მონაცემთა შემდეგ პაკეტები, 2.5 (DR2.5) და DR3, მათ აქტიური კვლევა დაიწყეს და შეეცადნენ დაეფიქსირებინათ ის ვარსკვლავები, რომლებიც წინა მონაცემებში გამორჩათ.
მართლაც, აღმოაჩინეს ჰიადებთან დაკავშირებული ასობით ვარსკვლავი. ცენტრალური გროვა დაახლოებით 60 სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული, მოქცევითი კუდები კი ათასობით სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება.
ასეთი კუდების ქონა საკმაოდ ნორმალურია გალაქტიკის მოქცევითი ძალების მიერ დარღვეულ ვარსკვლავთგროვათათვის, მაგრამ ჯგუფმა რაღაც უცნაური შენიშნა. ვარსკვლავთგროვის დაშლის სიმულაციამ მიუთითა, რომ უკანა კუდში გაცილებით მეტი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. თუმცა, რეალურ გროვას ზოგიერთი ვარსკვლავი აკლდა.
იმის გასარკვევად, თუ რატომ გადაუხვიეს გზიდან ამ ვარსკვლავებმა, ჯგუფმა კიდევ უფრო მეტი სიმულაცია გაუშვა; აღმოჩნდა, რომ ამ ფენომენის მიზეზი უნდა ყოფილიყო რაღაც ძალიან დიდი, დაახლოებით 10 მილიონი ჩვენი მზის მასის მქონე.
„იქ ახლო ურთიერთქმედება უნდა მიმდინარეობდეს ამ რაღაც ძალიან დიდთან, რომელსაც ჰიადების გროვა ახლახან გადააწყდა“, — ამბობს ჯერაბკოვა.
ამ სცენარის უდიდესი პრობლემა ის არის, რომ იქ, ახლომახლოს, ვერაფერ ასეთ მასიურს ვერ ვხედავთ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ სამყარო სავსეა უხილავი მასალით, ბნელი მატერიით — ასე ვუწოდებთ იდუმალებით მოცულ მასას, რომლის არსებობასაც ვიგებთ მხოლოდ მისი გრავიტაციული ეფექტებით იმ ობიექტებზე, რომლებსაც კარგად ვხედავთ.
ამ გრავიტაციული ეფექტების მიხედვით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ სამყაროს მთელი მატერიის დაახლოებით 80 პროცენტს სწორედ ბნელი მატერია უნდა შეადგენდეს. მიჩნეულია, რომ ბნელი მატერია გალაქტიკების წარმოქმნის გადამწყვეტი ელემენტია — ადრეულ სამყაროში მისი დიდი გროვები შეჯგუფდა და ნორმალურ მატერიას იმ გალაქტიკების ფორმა მისცა, რომლებსაც დღეს ვხედავთ.
ამ ბნელი მატერიის გროვები დღემდე შეიმჩნევა გალაქტიკების გარშემო გაჭიმულ „ბნელ ჰალოებში“. ასეთი ჰალო ირმის ნახტომსაც აქვს და ის 1,9 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ასტრონომები პროგნოზირებენ, რომ ამ ჰალოებში აქეთ-იქით უნდა დაქროდეს მკვრივი გროვები, რომლებსაც ბნელი მატერიის ქვეჰალოებს უწოდებენ.
ჰიადების გროვის უკანა კუდის ვარსკვლავთა გაუჩინარების გამომწვევი სტრუქტურა შეიძლება სამომავლო კვლევებმა გვაპოვნინოს; მკვლევრები ფიქრობენ, რომ თუ ასეთი რამ ვერ ვიპოვეთ, ვარსკვლავთგროვის დაფლეთვის მიზეზი შეიძლება სწორედ ბნელი მატერიის ერთ-ერთი ქვეჰალო იყოს.
ეს კვლევა ასევე მიუთითებს, რომ მოქცევითი ნაკადები და მოქცევითი კუდები შეიძლება ბრწყინვალე ადგილი იყოს იდუმალ გრავიტაციულ ურთიერთქმედებათა წყაროების საძებნელად.
„გაიას წყალობით, ირმის ნახტომს ახლა სრულიად სხვანაირად ვხედავთ. ამ აღმოჩენებით კი შეგვეძლება, რომ ირმის ნახტომის ქვესტრუქტურები გაცილებით უკეთესად შევისწავლოთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ასტრონომი ტერეზა ჯერაბკოვა.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია esa.in-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.