ევროპის ბნელი მატერიის ტელესკოპმა პირველი სურათები გადაიღო — #1tvმეცნიერება
ევროპის ბნელი მატერიის ტელესკოპმა პირველი სურათები გადაიღო — #1tvმეცნიერება

კოსმოსური ტელესკოპი „ევკლიდე“, პირველ ივლისს გაუშვეს; მისიის მიზანია, მეტი სინათლე მოჰფინოს მოუხელთებელ ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ხომალდმა დანიშნულების ორბიტას მიაღწია და პირველი სურათებიც გადაიღო.

კადრები, რომლებშიც ვარსკვლავთა ველი ჩანს, ტელესკოპის ექსპლუატაციაში გაშვებისას გადაიღეს — ეს არის ფაზა, რომელშიც მისი მძლავრი ინსტრუმენტები ზუსტად დააკალიბრეს; შესაბამისად, სურათები ტელესკოპის სრულ პოტენციალს არ ასახავს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით, ტესტები უკვე აჩვენებს, რომ ტელესკოპი მისიას სრულფასოვნად გაართმევს თავს.

„ევკლიდეს შექმნაზე 11 წელიწადზე მეტი დავხარჯეთ და ახლა, უსაზღვროდ ემოციურია პირველი ფოტოების ხილვა“, — ამბობს პროექტის მენეჯერი ჯუზეპე რაკა.

ფლორიდიდან გაშვების შემდეგ, თანამგზავრმა დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრი იარა, ვიდრე საბოლოო ორბიტას მიაღწევდა.

იქიდან, „ევკლიდე“ სამყაროს ყველაზე დიდ რუკას შექმნის, რომელმაც ორ მილიარდამდე გალაქტიკა უნდა მოიცვას ცის მესამედზე მეტზე.

რუკაზე დატანილი იქნება ჩვენგან 10 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილიდან მოსული სინათლეც და ეს რუკა 13,8 მილიარდი წლის ასაკის სამყაროს ახალ ხედს შემოგვთავაზებს.

მისი ხილული სინათლის კამერა გაზომავს გალაქტიკების ფორმებს, ახლო-ინფრაწითელი სპექტრომეტრი და ფოტომეტრი (NISP) კი, რომლებიც NASA-სთან ერთად შექმნეს — გაზომავს, რა მანძილით არიან ისინი ჩვენგან დაშორებული.

თუმცა, როდესაც ინსტრუმენტები ჩართეს, მკვლევრები შეაცბუნა „სინათლის მოულოდნელმა მახასიათებელმა, რომელიც სურათებს აბინძურებდა“.

მკვლევართა აზრით, ამის მიზეზია ხომალდში შემავალი მზის სინათლე, რომელიც იქ მხოლოდ „ევკლიდეს“ გარკვეულ პოზიციაში ყოფნისას აღწევს.

„თუ უარს ვიტყვით გარკვეულ კუთხეებზე, ევკლიდეს ვიზუალიზაციის მოწყობილობა მისიას სრულფასოვნად შეასრულებს“, — აღნიშნავს ESA.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ტელესკოპის მიერ შეგროვებული ინფორმაცია გადაჭრის სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს — გავიგებთ რას წარმოადგენს ის 95 პროცენტი (ნორმალური მატერიის გარდა), რომლისგანაც სამყარო შედგება.

მიჩნეულია, რომ სამყაროს დაახლოებით 70 პროცენტს ბნელი ენერგია შეადგენს; ეს სახელი უწოდეს უცნობ ძალას, რომელიც სამყაროს აჩქარებად გაფართოებას განაპირობებს.

25 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს, რომელიც სამყაროს ერთიანობას უნარჩუნებს და სწორედ მასზე მოდის მთელი სამყაროს მასის დაახლოებით 80 პროცენტი.

ტელესკოპი სამეცნიერო ოპერაციებს ოქტომბერში დაიწყებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.