მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ მოემართება გიგანტური კომეტა, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე დიდია ამ დროისთვის ცნობილთა შორის — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ მოემართება გიგანტური კომეტა, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე დიდია ამ დროისთვის ცნობილთა შორის — #1tvმეცნიერება

მზის სისტემის გარე ნაწილიდან შიდა მიმართულებით, ჩვეული ტრაექტორიით მოემართება იმდენად დიდი კომეტა, რომ თავდაპირველად ის ჯუჯა პლანეტაც კი ეგონათ.

შეშფოთების მიზეზი არ არსებობს — კომეტა, სახელად C/2014 UN271 (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) მზესთან სატურნის ორბიტაზე ახლოს არ მივა. თუმცა, მისი ზომა და შედარებითი სიახლოვე ოორტის ღრუბლის უძველესი ობიექტის შესწავლის საოცარ შანსს გვთავაზობს, რაც თავის მხრივ, ახალ ცნობებს მოგვაწვდის მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ.

„გვაქვს პრივილეგია, რომ აღმოგვეჩინა ალბათ უდიდესი კომეტა, რაც კი ოდესმე გვინახავს ან სულ მცირე უდიდესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კარგად შესწავლილი; თანაც, ის იმდენად ადრე შევნიშნეთ, რომ დრო გვექნება მოახლოებისას და გათბობისას მის ცვლილებებზე დასაკვირვებლად“, — ამბობს კომეტის თანააღმომჩენი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ასტრონომი გარი ბერნშტაინი.

მისივე თქმით, მზის სისტემის შიდა ნაწილს ეს კომეტა ბოლოს 3 მილიონი წლის წინ ესტუმრა.

მზის სისტემის გარე ნაწილი დიდწილად იდუმალებით მოცული ადგილია. ჩვენგან ძალიან შორსაა, საკმაოდ ბნელია და იქ არსებული ობიექტებიც ძლიერ პატარებია; შესაბამისად, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა რაიმეს დანახვა ფრიად რთული საქმეა.

კოსმოსის ამ რეგიონის აგებულებს შესახებ არსებობს ზოგადი წარმოდგენა — კოიპერის სარტყელი პატარა ყინულოვანი ობიექტებისგან შედგება, იმის იქით კი, გაცილებით შორს არის ოორტის ღრუბელი, რომლის ზუსტი შემადგენლობის დადგენაც რთულია.

თუმცა, სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ საკმაოდ მოულოდნელი წყაროსგან: ბნელი ენერგიის კვლევის პროგრამისგან (DES), რომელიც 2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა.

ის სამხრეთის ცას ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში აკვირდებოდა რამდენიმე ასეული ღამის განმავლობაში; სწავლობდა ისეთ ობიექტებს, როგორებიც არის სუპერნოვები და გალაქტიკათგროვები, რათა სამყაროს გაფართოების მაჩვენებლის გამოთვლა ეცადა; მეცნიერთა აზრით, გაფართოებაზე გავლენას სწორედ ბნელი ენერგია ახდენს.

პროგრამის სიღრმე, სიგანე და სიზუსტე საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა მზის სისტემის გარე ნაწილის ობიექტთა იდენტიფიცირებისთვისაც, ნეპტუნს გადაღმა, მზისგან 30 ასტრონომიულ ერთეულს იქით (ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის). 2021 წლის დასაწყისში, ასტრონომთა ჯგუფმა განაცხადა, რომ DES-ის მონაცემებში, მზის სისტემის გარე ნაწილში აქამდე უცნობი 461 ობიექტი აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ასეთი ობიექტი ბერნშტაინმა და მისმა კოლეგამ, ასტრონომმა პედრო ბერნარდინელიმ შენიშნეს, ეს გახლდათ კომეტა C/2014 UN271, რომელსაც ბერნარდინელი-ბერნშტაინი უწოდეს. ამჯერად, კოლეგებთან ერთად, ეს კომეტა მათ დეტალურად აღწერეს პუბლიკაციაში, რომელიც The Astrophysical Journal Letters-მა გამოსაქვეყნებლად მიიღო.

„დავასკვენით, რომ C/2014 UN271 (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) „ახალი“ კომეტაა იმ თვალსაზრისით, რომ არ გვაქვს მტკიცებულება ოორტის ღრუბლიდან მზესთან აქამდე 18 ასტრონომიულ ერთეულზე ახლოს მისვლის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ეს შეიძლება ყველაზე უძველესი კომეტა იყოს ამ დროისათვის აღმოჩენილთა შორის.

„თანაც, ჩვენ ის იქამდე დავაფიქსირეთ, ვიდრე ურანის ორბიტის შიგნით შემოვა და შესაძლოა, წინა ორბიტაზე ის ასე ახლოს არც მოსულა“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, C/2014 UN271-მა (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) შიდა მიმართულებით მოგზაურობა მზისგან დაახლოებით 44 400 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან დაიწყო. ეს კი უკვე ოორტის ღრუბლის ტერიტორიაა, ყინულოვანი ობიექტებისგან შემდგარი უზარმაზარი სფეროსი, რომელიც მზისგან 2000 ასტრონომიული ერთეულიდან 100 000 ასტრონომიულ ერთეულ მანძილამდე იშლება.

აღმოჩენის მომენტში, კომეტა მზისგან დაახლოებით 29 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფებოდა. მზესთან ის ყველაზე ახლოს 2031 წელს მოვა, დაახლოებით 10,97 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე; შედარებისათვის გეტყვით, რომ სატურნის ორბიტა მზისგან საშუალოდ 9,5 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.

კომეტა C/2014 UN271 (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) სიგანეში 155 კილომეტრია, ანუ საკაოდ მოზრდილია, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით მაინც არ გამოჩნდება.

თუმცა, მეცნიერები ტელესკოპებით მის შესასწავლად ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მათ იმედი აქვთ, რომ მისი შემადგენლობის უკეთ დადგენა ბევრ რამეს გვეტყვის ადრეული მზის სისტემისა და მისი შორეული მისადგომების შესახებ.

იმიტომ, რომ როგორც მიჩნეულია, ჩვენი პლანეტური სისტემისგან ასე შორს არსებული ყინულოვანი ქვები მეტნაკლებად უფრო უცვლელია წარმოქმნის დღიდან, ანუ მთელი 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში. შესაბამისად, კომეტის ყინულებში ჩაჭედილი აქროლადი ნივთიერებები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ჩამოყალიბების პროცესში მზის სისტემის გარე ნაწილის ქიმიური შემადგენლობის შესახებ.

მეცნიერებმა უკვე შეამჩნიეს კომას ნიშნები — კომეტური ატმოსფეროსი, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც კომეტა მზესთან ახლოს მოდის. სითბოს მატება კომეტის ზედაპირიან ყინულს აორთქლებს (სუბლიმაცია) და წარმოქმნის ხილულ კომას, უფრო ახლო მანძილზე მოსვლისას კი კომეტის კუდსაც. ამ წარმონაქმნთა სპექტრული ანალიზები ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის ამ კომეტის წიაღის შესახებ.

ვინაიდან ოორტის ღრუბლისა და მასში არსებული ობიექტების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, კომეტა C/2014 UN271 (ბერნარდინელი-ბერნშტაინი) ძლიერ უიშვიათეს შანსს წარმოადგენს კოსმოსში ჩვენი სამშობლოს ამ იდუმალი ადგილის შესასწავლად.

კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal Letters-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.