მზის სისტემის კოსმოსურ სამეზობლოში უზარმაზარი ვარსკვლავთგროვა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის კოსმოსურ სამეზობლოში უზარმაზარი ვარსკვლავთგროვა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ირმის ნახტომში უზარმაზარი ვარსკვლავთგროვა აღმოაჩინეს, რომელიც მზის სისტემისგან შედარებით ახლო კოსმოსურ მანძილზე იმალება.

ღია ვარსკვლავთგროვა, სახელად „ვალპარაისო 1“ 75 მილიონი წლისაა და წარმოქმნისას, ჯამში დაახლოებით 10 000 მზის მასის ვარსკვლავებისგან უნდა ყოფილიყო შედგენილი.

ჩვენგან 7000 სინათლის წლით არის დაშორებული და მისი რამდენიმე ვარსკვლავი იმდენად კაშკაშაა, რომ სამოყვარულო ტელესკოპებითაც ჩანს, თანაც ცის საკმაოდ კარგად შესწავლილ მონაკვეთში. მიუხედავად ამისა, როგორღაც მოხდა, რომ ისინი ამ დრომდე ვერავინ შენიშნა.

ასტრონომთა განცხადებით, აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ბოლოსდაბოლოს უკვე გვაქვს ამ ტიპის ვარსკვლავთა საშუალო ასაკის მასიური ღია გროვის მყარი მტკიცებულება, რაც გვეუბნება, რომ ღია გროვების ეს „ნაკლული რგოლი“ უბრალოდ როგორღაც ახერხებდა ჩვენგან დამალვას.

„ღია გროვების პოვნას ადრეც ვცდილობდით, მაგრამ ვალპარაისო 1 სულაც არ ჰგავს იმ გროვებს, რომლებსაც ხშირად ვპოულობთ; სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებდით მის აღმოჩენას ამ დრომდე“, — ამბობს კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი რიკარდო დორადა.

ღია გროვა არის გაზისა და მტვრის ერთი დიდი მოლეკულური ღრუბლისგან ერთდროულად დაბადებულ ვარსკვლავთა ჯგუფი. ყველა მათგანი ერთი ასაკის და ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა და მშობლიურ გალაქტიკაშიც ერთად მოძრაობენ.

იმის გამო, რომ, ირმის ნახტომის ვარსკვლავებს შორის მანძილებისა და ორბიტების დადგენა დედამიწიდან ძალიან რთულია, ასეთი გროვების აღმოჩენა ყოველთვის ადვილი არ არის.

მიუხედავად ამისა, ასტრონომებისთვის ნამდვილ თავსატეხს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ვერ ხერხდებოდა შუალედური ასაკის მასიური ღია გროვების აღმოჩენა, რომელთა ზომაც 10 000 მზის მასამდე იქნებოდა.

ნაპოვნი გვაქვს გაცილებით ახალგაზრდა ბევრი ასეთი გროვა, 25 მილიონი წლის ან უფრო პატარები, რამდენიმე კი მილიარდობით წლის; შესაბამისად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მათ შორის მოქცეული ასაკის გროვებიც.

ამიტომ, მკვლევართა ჯგუფმა ჩილეს ალიკანტეს უნივერსიტეტის ასტრონომ იგნასიო ნეგუერუელას ხელმძღვანელობით, მათი ძებნა დაიწყო. ხელთ ჰქონდათ უმძლავრესი ინსტრუმენტი — ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მონაცემები; ამ ზონდმა ბოლო რამდენიმე წელიწადი ირმის ნახტომის ამ დროისათვის უზუსტესი სამგანზომილებიანი რუკის შექმნას შეალია.

მისი მონაცემები მოიცავს არა მხოლოდ ირმის ნახტომის ვარსკვლავთა ადგილმდებარეობებს, არამედ მათ მოძრაობასაც; შედეგად, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ვალპარაისო 1-ის ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო ერთობლივად, ჯგუფის სახით მოძრაობენ.

ამ ინფორმაციით შეიარაღებულმა ასტრონომებმა სხვა ტელესკოპებს მიმართეს, რათა განესაზღვრათ გროვის ვარსკვლავთა თავისებურებები; მათ ეს 1047 ვარსკვლავის საფუძველზე სცადეს.

ჩილეს ლას-კამპინასის ობსერვატორიის ერენე-დი-პონის 2,5 მეტრიანი ტელესკოპისა და ესპანეთის ელ-როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიის ასევე 2,5 მეტრიანი ტელესკოპის, სახელად „ისააკ ნიუტონის“ გამოყენებით, მათ გროვის ვარსკვლავთა სპექტრი შეაგროვეს, რის საფუძველზეც, მათი ფიზიკური თვისებებიც განსაზღვრეს.

ზოგიერთი ვარსკვლავი, დაახლოებით 180, B-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი აღმოჩნდა. ეს გახლავთ ძალიან ცხელი ვარსკვლავები, რომლებსაც ძირითადად 2-დან 20-მდე მზის მასა აქვთ და 10-100 მილიონ წლამდე ცოცხლობენ, რაც საკმაოდ მოკლე პერიოდია ვარსკვლავისთვის (მზის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 მილიარდი წელია).

ვარსკვლავთა უმეტესობა წითელი გიგანტი იყო, ვარსკვლავური ევოლუციის გვიანდელი ეტაპი, რომელშიც ის იბერება, რადგან თითქმის აღარ აქვს დარჩენილი წყალბადის საწვავი.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ გალაქტიკაში შეიძლება გაცილებით ბევრი ღია გროვა იყოს; მათ დაფიქსირებას უბრალოდ იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ აქვთ შედარებით გაფანტული სტრუქტურა და სხვადასხვა მანძილზე მათ ეფარება სხვა მსგავსი ვარსკვლავები.

„ვალპარაისო 1 შეიცავს ათობით იმდენად კაშკაშა ვარსკვლავს, რომ მათი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპითაც შესაძლებელია; თუმცა, ისინი ჩაკარგულია ისეთ ვარსკვლავთა შუაგულში, რომლებიც ამ გროვას არ ეკუთვნის, მაგრამ მის წინ ან უკან არიან და გროვის სტრუქტურას ნიღბავენ“, — განმარტავს ნეგუერუელა.

გაიას მონაცემებში ძებნამ შეიძლება კიდევ ბევრი ასეთი გროვა გვაპოვნინოს.

იქამდე კი, ვალპარაისო 1 უიშვიათესი განძია და წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, რომ უკეთესად ვიკვლიოთ და შევისწავლოთ ღია ვარსკვლავთგროვების შუალედური ასაკი და მათი მშობლიური გარემო. ჯგუფი იმედოვნებს, რომ შემდეგ კვლევებს უფრო დიდი დეტალებით შეასრულებს.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია iac.es-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.