გარე მზის სისტემის ჰიპოთეტური სხეული, პლანეტა X ჯერ კიდევ მოუხელთებელია, მაგრამ მის ძებნაში, ასტრონომებმა ჯუჯა პლანეტა იპოვეს, რომელიც მზიდან პლუტონზე 2,5-ჯერ შორს მდებარეობს.
მისი ოფიციალური სახელი 2015 TG387-ია, ზედმეტსახელად კი „გობლინი“ უწოდეს. გარდა ამისა, ის საკმაოდ პატარაა, სულ რაღაც 300 კმ დიამეტრის.
ყველაზე ამაღელვებელი კი გობლინის ექსტრაორდინარული ორბიტაა. მკვლევართა განცხადებით, მისი ორბიტა ასევე მიუთითებს, რომ იქ, სადღაც სიცივესა და სიბნელეში, მართლაც უნდა იმალებოდეს ე. წ. მეცხრე პლანეტა, იგივე პლანეტა X.
აღმოჩენისას, გობლინი მზისგან 80 ასტრონომიული ერთეულით იყო დაშორებული (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის). შედარებისათვის — პლუტონის საშუალო დაშორება მზისგან 39,5 ასტრონომიული ერთეულია. გაწელილი, ელიფსური ორბიტის გამო, პლუტონი მზესთან ყველაზე ახლოს (პერიფელიონი) 29,7 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მიდის, ყველაზე შორს (აფელიონი) ყოფნისას კი დაშორება 49,3 ასტრონომიულ ერთეულს აღწევს.
სინამდვილეში, მზის სისტემის ყველა პლანეტას (მათ შორის ჯუჯებსაც) ელიფსური ორბიტა აქვთ. თუმცა, გობლინის ორბიტა აბსოლუტურად საოცარია.
ჯუჯა პლანეტა მზესთან ყველაზე ახლოს 65 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მიდის. მაგრამ ეს მაინც არ გახლავთ ყველაზე შორი პერიფელიონი — ოორტის ღრუბლის ობიექტების, 2012 VP113-სა და სედნას შემთხვევაში, ეს დაშორება 80 და 76 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს.
დაუჯერებელია, მაგრამ გობლინი მზისგან გაცილებით შორს მიდის, ვიდრე 2012 VP113, სედნა და მზის სისტემის ნებისმიერი სხვა ობიექტი, გარდა ზოგიერთი გრძელპერიოდიანი კომეტებისა. ტრაქეტორიაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გობლინის აფელიონი, ანუ მზისგან დაშორების ყველაზე შორეული წერტილი 2300 ასტრონომიული ერთეულია. წინა რეკორდი ამ მხრივ სედნას ეკუთვნოდა, რომლის აფელიონი სულ რაღაც 937 ასტრონომიულ ერთეულს აღწევს.
მზის გარშემო ერთ შემოვლას გობლინი არც მეტი, არც ნაკლები 40 000 წელს ანდომებს.
იმის გამო, რომ ეს ობიექტები ძალიან შორსაა, ისინი გრავიტაციულად არ ურთიერთქმედებენ ნეპტუნთან და იუპიტერთან.
ერთ-ერთი აღმომჩენის, ასტრონომ სკოტ შეპარდის განცხადებით, ოორტის ღრუბლის ისეთი ობიექტები, როგორებიცაა 2015 TG387, 2012 VP113 და სედნა, მზის სისტემის მასის უმეტესობისგან იზოლირებულია და შესაბამისად, წარმოუდგენლად საინტერესოა კვლევებისთვის.
შეპარდისა და მისი კოლეგების განცხადებით, გობლინი გვეუბნება იმას, რომ ამ ჯუჯა პლანეტების გარდა, იქ კიდევ სხვა რაღაც არის, დედამიწაზე 10-ჯერ მასიური ობიექტი. აშკარაა, რომ ნეპტუნს გადაღმა მდებარე ამ პატარა ობიექტთა ორბიტებს რაღაც წელავს თავის უზარმაზარი გრავიტაციით.
შეპარდი დარწმუნებულია, რომ ეს რაღაც მეცხრე პლანეტა, იგივე პლანეტა X-ია.
პლანეტა X-იs არსებობა პირველად 2014 წელს ივარაუდეს სკოტ შეპარდმა და მისმა კოლეგა ჩად ტრუხილიომ მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ახლად აღმოჩენილ ჯუჯა პლანეტა 2012 VP113-ს სხვა ასეთი ობიექტების მსგავსად, გრძელი, გაწელილი ორბიტა ჰქონდა. მათი აზრით, ამ ობიექტებს ასეთ კონფიგურაციას პლუტონს გადაღმა მდებარე უზარმაზარი პლანეტა უნდა აძლევდეს.
თუმცა, მეცხრე პლანეტის არსებობას ყველა ასტრონომი არ ეთანხმება. წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ნეპტუნს გადაღმა ობიექტთა გაწელილი ორბიტების მიზეზი კლდოვან ნამსხვრევთა გროვები უნდა იყოს, რომლებიც ერთმანეთს უცნაური ტრაექტორიით ეჯახებიან.
არსებობს თუ არა მეცხრე პლანეტა ჯერ არავინ იცის, მაგრამ მის ძებნაში ასტრონომებმა უკვე არაერთი სხვა ობიექტი იპოვეს. მათ შორის არის წლის დასაწყისში აღმოჩენილი იუპიტერის 12 ახალი მთვარე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.