ირმის ნახტომის ახალი რუკის მიხედვით, გალაქტიკაში მზის სისტემის ადგილმდებარეობა ისეთი არ არის, როგორიც გვეგონა. ირკვევა, რომ ის უფრო ახლოს არის გალაქტიკის ცენტრთან და შესაბამისად, იქ განთავსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელ მშვილდოსანი A*-სთან და ამავე დროს, მის გარშემო უფრო ჩქარა მოძრაობს.
თუმცა, საშიში არაფერია; ჩვენ მშვილდოსანი A*-სთან არც ისე ახლოს ვმოძრაობთ და არ არსებობს შთანთქმის საფრთხეც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ირმის ნახტომის რუკა დაზუსტდა და უფრო ზუსტად განისაზღვრა მასში მზის სისტემის ადგილმდებარეობა.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად რთულია გალაქტიკის სამგანზომილებიანი რუკის შექმნა მაშინ, როდესაც შენც მასში იმყოფები.
ეს პრობლემა დიდი ხანი აფერხებდა ჩვენს წარმოდგენას კოსმოსურ ფენომენზე. შედარებით ადვილია ვარსკვლავებისა და სხვა კოსმოსური ობიექტების ორგანზომილებიან კოორდინატებზე დატანა, მაგრამ ამ ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა გაცილებით რთული საქმეა.
მანძილები კი უმნიშვნელოვანესია — გვეხმარება ობიექტთა ჩვეული სიკაშკაშის განსაზღვრაში. ამის უახლესი, კარგი მაგალითია წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში დედამიწასთან იმაზე ახლოს არის, ვიდრე ამას წინა გაზომვები მიუთითებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის არც ისე დიდი და კაშკაშაა, როგორც აქამდე გვეგონა.
ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია CK მელა — ვარსკვლავი, რომელიც 350 წლის წინ აფეთქდა. ირკვევა, რომ სინამდვილეში ის ჩვენგან საკმაოდ შორს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აფეთქება უფრო კაშკაშა და ენერგიული იყო და შესაბამისად, მოითხოვს ახალ ახსნას, რადგან წინა ანალიზები ჩატარდა იმის გათვალისწინებით, რომ ის შედარებით დაბალენერგიული იყო.
თუმცა, ამ მანძილების შესახებ სულ უფრო უკეთეს კალკულაციებს ვიღებთ; ამაზე მუშაობს კატალოგიზაციის პროგრამები, რომლებიც ირმის ნახტომის სამგანზომილებიანი რუკების დასახვეწად ამჟამად ხელმისაწვდომ საუკეთესო ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებენ; ამ დარგს ასტრომეტრია ეწოდება. ერთ-ერთი ასტრომეტრიული ასეთი პროგრამაა VERA, რომელსაც იაპონელები აწარმოებენ.
პროგრამა იაპონიის არქიპელაგის მასშტაბით განთავსებულ რამდენიმე რადიოტელესკოპს იყენებს; თავს უყრის მონაცემებს, რომლებსაც იგივე რეზოლუცია აქვთ, რაც 2300 კმ დიამეტრის მქონე თეფშს ექნებოდა. მისი მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპისა, რომლითაც ასტრონომებმა შავი ხვრელის ჩრდილის პირველი ფოტო გადაიღეს ისტორიაში.
VERA-მ მოქმედება 2000 წელს დაიწყო და მისი მიზანია, დაგვეხმაროს რადიოგამოხივების მქონე ვარსკვლავებამდე მანძილების გამოთვლაში მათი პარალაქსის გამოთვლის გზით. ის ვარსკვლავებს მთელი წლის განმავლობაში გასაოცარი რეზოლუციით აკვირდება და ამოწმებს, რამდენად იცვლება ათი მდებარეობა იმ ვარსკვლავებთან მიმართებაში, რომლებიც დედამიწისგან უფრო შორს არიან მზის გარშემო ჩვენი პლანეტის მოძრაობისას.
მდებარეობის ამ ცვლილების საშუალებით შესაძლებელია იმის დადგენა, რა მანძილზეა ეს ვარსკვლავი დედამიწიდან, მაგრამ პარალაქსის ყველა დაკვირვება თანაბრად ხარისხიანი არ არის. VERA-ს კუთხური რეზოლუცია გასაოცარია, არკსეკუნდის 10-მემილიონედი, რაც განსაკუთრებით მაღალი სიზუსტის ასტრომეტრიულ გაზომვებს უზრუნველყოფს.
სწორედ ეს გამოიყენეს ასტრონომებმა ირმის ნახტომში მზის სისტემის ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად. წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ, VERA-ს მიერ შექმნილი 99-ობიექტიან პირველ კატალოგზე და სხვა დაკვირვებებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა ამ ობიქტთა ადგილმდებარეობისა და სიჩქარის რუკა შექმნეს.
ამ რუკიდან შემდეგ მათ დაიანგარიშეს გალაქტიკის ცენტრის ადგილმდებარეობა.
1985 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა გალაქტიკის ცენტრამდე მანძილი 27 700 სინათლის წლით განსაზღვრა. შარშან, კოლაბორაცია GRAVITY-მ ეს მაჩვენებელი ხელახლა დაიანგარიშა და დაადგინა, რომ მანძილი 26 673 სინათლის წელიწადს შეადგენს.
VERA-ს მიერ ჩატარებული გამოთვლებით, ჩვენიდან გალაქტიკის ცენტრამდე მანძილი კიდევ უფრო მცირეა და 25 800 სინათლის წელს უდრის. ამავე გამოთვლებით, მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო წამში 227 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს და არა ამჟამად ოფიციალურად მიჩნეული 220 კმ/წმ სიჩქარით.
ცვლილება შეიძლება არც ისე დიდი ჩანდეს, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ გალაქტიკის ცენტრის გაზომვისა და მისი აქტივობის ინტერპრეტაციაზე, რაც იმედია, საბოლოოდ მოგვცემს იქ მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელ მშვილდოსანი A*-ს გარშემო მიმდინარე კომპლექსურ ურთიერთქმედებათა უფრო ზუსტ სურათს.
ამასობაში, კოლაბორაცია VERA წინ მიიწევს; აკვირდება არა მხოლოდ ირმის ნახტომის ობიექტებს, არამედ ჩართულია აღმოსავლეთ აზიის სხვა დიდ პროექტებშიც. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ამ პროექტებში ჩართულობით ტელესკოპი კიდევ უფრო ზუსტი გაზომვების ჩატარებას შეძლებს.
კვლევა ჟურნალ Publications of the Astronomical Society of Japan-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.