მწერალთა სახლში პოეტ ზაზა ბიბილაშვილის ლექსების კრებულის, „ფაზლის“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მწერალთა სახლში პოეტ ზაზა ბიბილაშვილის ლექსების ახალი კრებულის, “ფაზლის” პრეზენტაცია გაიმართა.
„ფაზლი“ ზაზა ბიბილაშვილის მეხუთე წიგნი და მესამე პოეტური კრებულია, რომელიც ბოლო ათ წელიწადში შექმნილ ლექსებს აერთიანებს.
როგორც კრებულის ავტორმა განაცხადა, კრებულში 50-მდე ლექსია შესული.
„ფაზლი“ გახლავთ ჩემი მეხუთე წიგნი და მესამე პოეტური კრებული. მასში ბოლო ათი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია შესული. შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს არის მცირე მოცულობა 9-10 წლისთვის, მაგრამ როგორც ვიცით, მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. იმედი მაქვს, რომ მკითხველი და კრიტიკოსები კმაყოფილები თუ არ დარჩებიან, დაინტერესდებიან მაინც. წიგნში დაახლოებით 50-მდე ლექსია შეტანილი და არის ასევე ციკლი “ფაზლი“, სადაც ამდენივე ოდენობის მინიატურული ლექსია შესული. თემატიკა არის, რაც შეიძლება ათი წლის განმავლობაში ავტორს, პოეტს, ადამიანს აინტერესებდეს, აწუხებდეს, დაწყებული სიყვარულით, გაგრძელებული ღმერთთან ურთიერთობით, სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებით და ვერ პოვნით“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.