მწერალთა სახლში დაურ ნაჭყებიასა და გურამ ოდიშარიას რომანების ქართული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
მწერალთა სახლში დაურ ნაჭყებიასა და გურამ ოდიშარიას რომანების ქართული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლში დაურ ნაჭყებიასა და გურამ ოდიშარიას რომანების ქართული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება და ჯერ კიდევ წლის დასაწყისში სამინისტრომ ამ დღისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

„ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაცია დღეს მწერალთა სახლში შედგა. ეს გახლავთ დაურ ნაჭყებიას რომანის ქართულად თარგმნა და გურამ ოდიშარიას რომანის აფხაზურად თარგმნა. ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ორივე თარგმანი ერთ წიგნად გამოიცა. რასაკვირველია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აფხაზური ენის გარდა, ჩვენ ვაფინანსებთ ოსურ ენაზე თანამედროვე ქართველი პოეტებისა და მწერლების თარგმანებს. გეგმაში გვაქვს, რომ მომავალ წელს ახალგაზრდა თაობის ოსი მწერლების ნაწარმოებების ქართულად თარგმანი დავაფინანსოთ და შევინარჩუნოთ ის კულტურული და ლინგვისტური მემკვიდრეობა, რაც ჩვენი კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან ეს ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილად გაერთიანდება მშვიდობიანი გზით. ამ გაერთიანებასა და ხიდების აღდგენაში მწერლებს და წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ირმა ოსიას, ასევე დაურ ნაჭყებიასა და გურამ ოდიშარიას, რომლებმაც მოცემული ნაწარმოებები თარგმნეს. დღეს თქვენ უკვე შეგიძლიათ, ეს ნაწარმოებები წაიკითხოთ როგორც აფხაზურად, ისე ქართულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.