მწერალთა სახლში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
მწერალთა სახლში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

17-24 ოქტომბერს თბილისში უკვე მეექვსედ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ჩატარდება.

ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში იაპონიის ელჩი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, მწერალთა სახლის ლიტერატურული ფესტივალის გახსნაზე. მიხარია, რომ ამერიკის საელჩო ამ ფესტივალს უკვე ექვსი წელია, უჭერს მხარს. წელს განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ფესტივალი ეძღვნება ამერიკელ პოეტს, ლორენს ფერლინგეტს, რომელიც ჩემი ქალაქიდან, სან ფრანცისკოდანაა. ფესტივალი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, როგორ გვაერთიანებს ამერიკელებს და ქართველებს ლიტერატურის და პოეზიის სიყვარული. პოეზიის და ლიტერატურის ძლიერი ტრადიცია არსებობს როგორც საქარათველოში, ისე ამერიკაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორ აღინიშნა, ფესტივალი უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ ავტორებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს ლიტერატურის მოყვარულებს.

ღონისძიებები მწერალთა სახლში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართება.

19, 20, 21 ოქტომბერს ფესტივალი ქართველ ავტორებს უმასპინძლებს. გაიმართება დისკუსიები სამი ქალაქის, თბილისის, გორის და ქუთაისის დს ლიტერატურაში მათთან დაკავშირებული სიმბოლიზმის შესახებ.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და პოეზიის ევროპული პლატფორმა.