მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემაზე საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემაზე საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 200-ზე მეტი წარმომადგენელის შეხვედრა მიმდინარეობს დიდუბის საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯიაში“.

ღონისძიებაზე განიხილავენ სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება.

„ეს არის სხვადასხვა ნაკადი, მაგალითად, სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები. თითოეულ ამ ნაკადზე სამინისტრომ შეიმუშავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის, შვედეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის დახმარებით, თითოეულ ნაკადზე შეიმუშავა კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც დარეგულირდება ამ ნაკადებთან დაკავშირებული მართვის საკითხები.

2019 წლის პირველი დეკემბრიდან ეს პრინციპი ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით ძალაში შედის. მთავარი ვალდებულებაა, რომ რა ნარჩენებიც ჩამოვთვალე, იმ ტიპის პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი თავად არის ვალდებული, მართოს ეს ნარჩენები“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ორი სახის ვალდებულება არსებობს, ფინანსური და ფიზიკური. მისი თქმით, ფინანსური ვალდებულება კომპანიებმა უნდა აიღონ, ხოლო ფიზიკური მუნიციპალიტეტებმა.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს, რომ მწარმოებელი ან ამა თუ იმ პროდუქციის იმპორტიორი ვალდებული ხდება, აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ შემოტანილი ან ნაწარმოები პროდუქციისგან მიღებულ ნარჩენზეც. მთელი პრინციპი არის ეს. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მწარმოებელზე ჩამოკიდებული ვალდებულება იქნება.

აქ განვასხვავებთ ჩვენს ფინანსურ ვალდებულებას ფიზიკური ვალდებულებისგან. ფინანსურ ვალდებულებას სწორედ მწარმოებლისგან შექმნილი ორგანიზაციები იღებენ, ხოლო ფიზიკურ ვალდებულებას, ანუ ნარჩენის სეპარირებულად შეგროვებას მუნიციპალიტეტების დასუფთავების სერვისები”, – განაცხადა ექსპერტმა.

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.