წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების სეპარირება იწყება. მუნიციპალიტეტის ხუთ დიდ სოფელში – ქვიტირში, ფარცხანაყანევში, გეგუთში, მაღლაკსა და მუხიანში სპეციალური კონტეინერები განთავსდება, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე ამავე სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებთან.

ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტეინერების დადგმის შესახებ მედიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ონლაინ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს. როგორც აღინიშნა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც არის საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წამყვანი პარტნიორი, ნარჩენების მართვის სეპარირების დანერგვა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით.

„2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ფარცხანაყანევში – 5090, მუხიანში – 1058, მაღლაკში – 4126, ქვიტირში- 2314, გეგუთში – 5049, ჯამში კი 17, 637 მოქალაქე ცხოვრობს, რაც მთლიანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (56 883) 31 პროცენტს შეადგენს, აქედან გამომდინარე პირველ ეტაპზე აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და პლასტიკისა და ქაღალდის სეპარირების დაწყება უმნიშვნელოვანესია.​ პლასტიკისა და ქაღალდის ნარჩენების შეგროვებსა ასევე ორგანიზებული იქნება ქალაქში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და სკოლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ ადგილებზე, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 60 პლასტიკისა და 50 ქაღალდის კონტეინერისთვის სულ 65700 ლარი დაიხარჯება. კონტეინერები იანვრის ბოლოს უკვე შემოტანილი იქნება“, – აღინიშნა პრესკონფერენციაზე.

საერთაშორისო პროექტი „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.