გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომელიც ფულად ჯარიმებს აწესებს
გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომელიც ფულად ჯარიმებს აწესებს

გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის მიზნით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომელიც კანონდარღვევებზე ფულად ჯარიმებს აწესებს.

ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება.

კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა – 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – 5 000 ლარს, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე.

ამასთან, ჯარიმები იქნება განსაზღვრული ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობაზეც. ამ ქმედებისთვისთვის ჯარიმა 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე წესდება.

ცვლილებებით ასევე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე, გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს – 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე ჯარიმას.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე – 10 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტში მისი ინიცირება სექტემბერში მოხდება.