მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის სულ მცირე 70 პოტენციურ ვაქცინაზე, ცდები კი უპრეცედენტო სისწრაფით ტარდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად მუშაობა კორონავირუსის სულ მცირე 70 პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს, მათგან სამი კი უკვე კლინიკურ ცდებს გადის.
ორგანიზაცია კანდიდატი ვაქცინების განახლებულ სიას აქვეყნებს, რომელიც ნათლად ასახავს ძალიან ბევრი კომპანიის ძალისხმევას კორონავირუსის დასამარცხებლად.
მაშინ, როდესაც ვირუსი გავრცელებას განაგრძობს, უკვე დააინფიცირა 1,9 მილიონზე მეტი ადამიანი და იმსხვერპლა 110 000-ზე მეტი პირი, მკვლევრები ერთმანეთს ვაქცინის შექმნაში ეჯიბრებიან.
კვლევებში ჩართულია მრავალი ორგანიზაცია, ფარმაცევტული გიგანტებიდან და ბიოტექნოლოგიური კომპანიებიდან დაწყებული, აკადემიური ცენტრებითა და არაკომერციული ჯგუფებით დამთავრებული.
როგორც წესი, ახალი ვაქცინის შექმნა ძვირი, რთული და ხანგრძლივი პროცესია, მოითხოვს ასობით მილიონ დოლარს და წლებს იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი პანდემია კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა 21-ე საუკუნეში (SARS-ის და MERS-ის შემდეგ), ჯერ კიდევ არ არსებობს კორონავირუსების საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა.
ფარმაცევტულ კომპანიებსა და ჯანდაცვის უწყებებს იმედი აქვთ, რომ ამჟამინდელი სიტუაციის სიმკაცრიდან გამომდინარე, ვაქცინის შექმნა გაცილებით მოკლე დროში მოხერხდება.
ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია CanSino ექსპერიმენტული ვაქცინის ადამიანებზე ცდების უკვე მეორე კლინიკურ ფაზაშია; ადამიანებზე ტესტირება ასევე დაიწყეს ამერიკულმა სტარტაპმა Inovio-მ და ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ.
ვაქცინაზე აქტიურად მუშაობენ ისეთი უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაციებიც, როგორებიცაა ამერიკული Johnson & Johnson-ი და ფრანგული Sanofi.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის შექმნას სულ მცირე 12-18 თვე უნდა ველოდოთ; ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, ეს დროც ცოტაა და სარისკოა ვაქცინის უსაფრთოების მხრივ.
„დოქტორმ ფაუჩის მიერ დასახელებული 12-18 თვე ჩემი აზრით სასაცილოდ ოპტიმისტურია, დარწმუნებული ვარ, მისთვისაც“, — უთხრა როტავირუსის ვაქცინის თანაგამომგონებელმა პოლ ოფიტმა CNN-ს.
ახალი ვაქცინების ტესტირება პირველ რიგში ლაბორატორიაში უნდა მოხდეს, შემდეგ ცხოველებზე, შემდეგ კი უსაფრთხოება შემოწმდეს ადამიანთა მცირე ჯგუფზე, ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს ადამიანთა დიდ ჯგუფებზე ტესტირება ვაქცინის ეფექტიანობის შესამოწმებლად.
ექსპერტები შიშობენ, რომ სისწრაფეში რომელიმე ამ ნაბიჯის გამოტოვებამ შეიძლება გაზარდოს „იმუნური გაძლიერების“ რისკი, როდესაც ვაქცინა ადამიანს ვირუსის წინაღმდეგ სინამდვილეში უფრო ასუსტებს.
„ამ რისკის შემცირების გზაა დარწმუნდე, რომ ის ლაბორატორიაში ცხოველებზე ტესტირებისას არ დაფიქსირდეს“, — ამბობს ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის ხელმძღვანელი პიტერ ჰოტეზი.
თუმცა, კორონავირუსის ვაქცინის სწრაფად შექმნის მიზნით, ზოგიერთმა ფარმაცევტული კომპანიამ ცხოველებზე ტესტირების ფაზა გამოტოვა.
„მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინის სწრაფად შექმნა,მაგრამ მთელ ჩემს ცოდნაზე დაყრდნობით შემიძლია განვაცხადო, რომ ვაქცინები ასე არ იქმნება“, — ამბობს ჰოტესი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.