COVID-19-ის ვაქცინაზე მერილენდში მთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული მკვლევართა ჯგუფი მუშაობს
COVID-19-ის ვაქცინაზე მერილენდში მთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული მკვლევართა ჯგუფი მუშაობს

ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მეცნიერები მთელ მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ. მათ შორის არის მთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული მკვლევართა ჯგუფი აშშ-ის მერილენდის შტატში.

ვაქცინაზე მუშაობა ქალაქ გეიტერსბერგის ვაქცინების ლაბორატორია Novavax-ში მიმდინარეობს.

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფს Novavax-ის ვაქცინების შექმნისა და ანტისხეულების აღმოჩენის განყოფილების დირექტორი ნიტა პატელი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, საბოლოო პროდუქტის მისაღებად მათ სულ მცირე ერთი წელი დასჭირდებათ. მისივე თქმით, მათი მუშაობა შემაგულიანებელი უნდა იყოს ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომ გახდნენ მეცნიერები.

კომპანიის პრეზიდენტის, დოქტორ გრეგორი მარკ გლენის განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობა 10 იანვარს დაიწყო და მას შემდეგ, ლაბორატორია ერთი წუთითაც არ დაკეტილა. ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ვირუსით ამ დრომდე დაინფიცირდა 87 000-მდე ადამიანი, 3000 კი გარდაიცვალა.

მართალია, ჯერ კიდევ ბევრი ცდაა ჩასატარებელი, მაგრამ ნიტა პატელსა და მის ჯგუფს უკვე შექმნილი აქვს ამი შესაძლო ვაქცინა. ახლა საჭიროა იმის გარკვევა, რომელ მათგანზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

ლაბორატორია Novavax-ი ამჟამად ვაქცინის განვითარების მეორე ეტაპზეა, ანუ, მიმდინარეობს მისი გამოცდა ცხოველებზე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შემდეგი ეტაპია ცდების სამი ფაზა ადამიანებზე.

მომზადებულია wjla.com-ის მიხედვით.