სეზონური გრიპის და COVID-19-ის შედარება — რომელია რეალურად უფრო სახიფათო
სეზონური გრიპის და COVID-19-ის შედარება — რომელია რეალურად უფრო სახიფათო

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გვესმის მისი შედარება სეზონურ გრიპთან. წარმოგიდგენთ დეტალებს მათ შორის არსებული მსგავსებისა და სხვაობის შესახებ.

არის თუ არა ახალი კორონავირუსი ნამდვილად სერიოზული საფრთხე? კლავს თუ არა გრიპი უფრო მეტ ადამიანს? ბევრს აინტერესებს, რით განსხვავდება COVID-19 ბევრად უფრო ნაცნობი დაავადების, გრიპისგან.

დიახ, გრიპი საშინელებაა — სწორედ ამიტომ არ სურთ მეცნიერებს, რომ მსოფლიოში ფესვები გაიდგას კიდევ ერთმა გადამდებმა რესპირატორულმა დაავადებამ. სეზონური გრიპის შეჩერების მექანიზმები არსებობს და მეცნიერებს სურთ, ახალი კორონავირუსიც დაიმორჩილონ.

რომელი ვირუსია უფრო საშიში?

ერთი შეხედვით, ახალი კორონავირუსი გრიპზე უფრო მომაკვდინებელი ჩანს. საშუალოდ, სეზონური გრიპის შტამები ინფიცირებულ ადამიანთა 0,1 პროცენტს კლავს. სიკვდილიანობის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა1918 წელს გავრცელებულ გრიპს, დაახლოებით 2 პროცენტი. იმის გამო, რომ ეს გრიპი ზედმეტად გადამდები იყო, იმსხვერპლა ათობით მილიონი ადამიანი.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ადერეული შეფასებით დაახლოებით 2 პროცენტი იყო, მაგრამ 1099 პაციენტის შესახებ გამოქვეყნებული ახალი ჩინური მოსხენების მიხედვით, მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 1,4 პროცენტი.

კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო დაბალიც იყოს, რადგან არსებობს როგორც ბევრი ექსპერტი ეჭვობს, უნდა იყოს ძალიან ბევრი მსუბუქი ან უსიპმტომო შემთხვევა, რომლებიც დაფიქსირებულიც კი არ არის.

სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი შესაძლოა, სეზონური გრიპის მაჩვენებლის მსგავსი იყოს, ანუ, 1 პროცენტზე დაბალი. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის მკვლევართა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის მიერ ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ერთობლივი საავტორო სტატია იუწყება.

თუმცა, შედარებით დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონე დაავადებამაც კი შეიძლება დიდი მსხვერპლი მოიტანოს, თუ ბევრი ადამიანი დაავადდება. ამ ეტაპზე, გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში აღრიცხულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 87 000 და სიკვდილის 3000-მდე შემთხვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელების შემდეგ, ამ კვირაში ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულმა ახალი შემთხვევების ოდენობამ ჩინეთის ამჟამინდელ მაჩვენებელს გადააჭარბა.

რომელი ვირუსია უფრო გადამდები?

ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსი უფრო გადამდები ჩანს, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობა, დაახლოებით ისეთივე გადამდები, როგორც შტამები, რომლებიც გრიპის პანდემიურ სეზონებზე ჩნდება.

საშუალოდ, კორონავირუსით დაავადებული თითოეული პირი 2,2 სხვა ადამიანს აინფიცირებს. თუმცა, ამ ციფრს ამწვავებს ის ფაქტი, რომ გავრცელების პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა მისი სათანადოდ მართვა და ინფექცია ფართოდ გავრცელდა ქალაქ უხანსა და მიმდებარე პროვინციებში. ეპდემიაზე კონტროლის აღების დროს, როგორც წესი, მისი რეპროდუქციის მაჩვენებელი ეცემა.

შედარებისათვის გეტყვით, რომ სეზონური გრიპის (რეპროდუქციის) გადადების მაჩვენებელი 1,3 ადამიანია. 1918 წლის გრიპის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო, რაც ახალი კორონავირუსის, მაგრამ სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინის გამოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.

ორივე შემთხვევაში, როგორც გრიპის, ისე კორონავირუსით გამოწვეული დაავადების დროს, ადამიანები გადამდები არიან სიმპტომების გამოჩენამდე, რაც რთულს ან საერთოდ შეუძლებელს ხდის ვირუსის გავრცელების კონტროლს. არავინ იცის, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით ისე, რომ მათ სულ ოდნავი სიმპტომები ჰქონდათ ან საერთოდ არაფერი აღენიშნებოდათ.

ვის ემუქრება ყველაზე დიდი რისკი ინფექციისგან?

გრიპიც და კორონავირუსიც ყველაზე სახიფათოა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ან იმ პირებისთვის, რომლებსაც რაიმე ქრონიკული დაავადება ან სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.

ჩინეთში, 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქალებისას აღემატებოდა; ასეთი მახასიათებელი არ აღენიშნება სეზონურ გრიპს. ამ განსხვავების მიზეზი უცნობია, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ის ფაქტი, რომ ჩინელი კაცები ბევრს ეწევიან, რაც ხშირად ფილტვის ფუნქციონირებას აზიანებს.

როგორც ჩანს, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება — გრიპი გაცილებით სახიფათოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ძალიან მცირეწლოვანთათვის, რომლებიც გრიპით ძლიერ ავად ხდებიან. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებს კი ან ძალიან სუსტი სიმპტომები აქვთ, ან საერთოდ არაფერი აღენიშნებათ.

გრიპი განსაკუთრებით სახიფათოა ფეხმძიმე ქალებისთვის. ჯერჯერობით უცნობია ახალი კორონავირუსის საფრთხეები ამ მხრივ.

რომელი ვირუსი უფრო ავად ხდის?

აშშ-ის მაგალითზე, 22 თებერვლის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ამ სეზონზე გრიპის სულ მცირე 32 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა; მოხდა 310 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება, მათგან 18 000 კი გარდაიცვალა. წელს უჩვეულოდ მაღალი იყოს ჰოსპიტალიზების შემთხვევები ბავშვებსა და მოზარდებში.

გრიპის ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა. პაციენტთა უმეტესობის გამოჯანმრთელება რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში ხდება.

ახალი კორონავირუსის შემთხვევათა უმეტესობა მკაცრი არ არის, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მძიმედ ავადაც გახდა. პაციენტებზე ჩინეთში ჩატარებული ჯერჯერობით უდიდესი კვლევის მონაცემების მიხედვით, საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანთა 80 პროცენტში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობდა, 15 პროცენტში მძიმე ავადობით, 5 პროცენტში კი ძლიერ კრიტიკულად.

პირველი სიმპტომები იგივეა, რაც გრიპის შემთხვევაში — სიცხე და ხველება. შესაბამისად, სპეციალური ანალიზის გარეშე, ამ ახალი კორონავირუსის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კორონავირუსის პაციენტებში ხშირია პნევმონია; მათშიც კი, რომლებშიც დაავადება მსუბუქი ფორმებით გამოვლინდა.

ექსპერტთა აზრით, უნდა იყოს ბევრი ისეთი ადამიანიც, რომლებსაც სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ, ანდაც აქვთ მსუბუქ ფორმებში, რაც ხელს არ უშლით და სამედიცინო დაწესებულებასაც არ მიმართავენ. იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებს ვერ დათვლი, ამჟამად შეუძლებელია მსუბუქი და ძლიერი შემთხვევების ზუსტი პროპორციების ცოდნა.

რამდენ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ან იყო საერთოდ უსიპმტომო, ამას თანდათან გვეტყვის ანტისხეულების ტესტები, რომლითაც შესაძლებელია იმის დადგენა, უყო თუ არა ადამიანო ოდესმე ინფიცირებული.

შეუძლია თუ არა ადამიანს გამოიმუშაოს იმუნიტეტი კორონავირუსისადმი?

როგორც წესი, ვირუსული ინფექციების შემდეგ, ადამიანის სისხლში წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ვირუსს ებრძვიან და მას კვლავ დაინფიცირებისგან იცავს. უპრიანია ვიფიქროთ, რომ ადამიანები, რომლებმაც ახალი კორონავირუსი გადაიტანეს, მის მიმართ იმუნურები ხდებიან.

თუმცა, უცნობია, რამდენ ხანს გასტანს ეს იმუნიტეტი. სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, რომლებიც ზოგად გაციებას იწვევენ, იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქვეითდება.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რა თქმა უნდა, არსებობს და ადამიანს სულ მცირე ნაწილობრივ იმუნურს ხდის გრიპისადმი.

მკურნალობის რა საშუალებები არსებობს?

ახალი კორონავირუსის ოფიციალური ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს, მაგრამ უკვე იტესტება რამდენიმე. ექიმები გვირჩევენ მხოლოდ სხვა ვირუსული დაავადებებისათვის ჩვეულ საშუალებებს — სახლში ყოფნას, ტკივილისა და სიცხის დამცავ პრეპარატებს და სითხეებს დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

კორონავირუსის იმ პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია უვითარდებათ, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ასევე შეიძლება დასჭირდეთ ჟანგბადი და ინჰალაცია.

გრიპის შემთხვევაში არსებობს ოთხი პრეპარატი. ყველა მათგანი შესანიშნავად მოქმედებს სიმპტომების გამოჩენიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.

ეს პრეპარატები ასევე რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ გრიპით ინფიცირებულებთან, რადგან შეიძლება მოახდინონ დაავადების პრევენცია.

კორონავირუსის მსგავსად, პნევმონიის გამოწვევა და სუნთქვის გაძნელება გრიპსაც შეუძლია. ნებისმიერს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის შემოკლება ან გაძნელება, ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

შესაძლებელია თუ არა ვაქცინაცია?

ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანებში ტესტირებისათვის მზად ალბათ რამდენიმე თვეში იქნება, მაგრამ საყოველთაო გამოყენების ფორმამდე მიღწევას უფრო მეტი დრო დასჭირდება, სულ მცირე, ერთი წელი.

მეორე მხრივ, ფართოდ არის გავრცელებული გრიპის ვაქცინები, რომელთა ეფექტიანობაც 40-60 პროცენტია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამცირებს შემთხვევათა რაოდენობას ვაქცინირებულ ადამიანთა შორის.

გადაივლის თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად?

როგორც წესი, ამინდის გათბობასთან ერთად, გრიპი უკან იხევს. თუმცა, იმის გამო, რომ კორონავირუსი ახალი ვირუსია, ამჟამად არაფერია ცნობილი, მოხდება თუ არა დათბობასთან ერთად იგივე მის შემთხვევაშიც.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსი გაზაფხულზე შემცირდა, შეიძლება ის კვლავ დაბრუნდეს შემოდგომის მიწურულს, აციებასთან ერთად. ეს მახასიათებელი ხშირად გვხვდება გრიპის მკაცრ სეზონებზე.

ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთ გზა მეცნიერებაა, რომელიც მას აუცილებლად დაამარცხებს, ისე, როგორც უკვე ამოუძირკვავს არაერთი გაცილებით სასტიკი დაავადება.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი