მუგაბეს 38-წლიანი მმართველობის შემდეგ, ზიმბაბვეს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს ირჩევს
პირველი არჩევნები რობერტ მუგაბეს გარეშე – ბოლო 38 წლის განმავლობაში პირველად, ზიმბაბვეს მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ, მუგაბე თანამდებობიდან გასულ წელს, გამოსვლების შემდეგ გადადგა.
პრეზიდენტის პოსტზე მთავარი კონკურენტები მოქმედი პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა და ოპოზიციის ლიდერი, ნელსონ ჩამისა არიან. პრეზიდენტობისთვის საერთო ჯამში 23 კანდიდატი, მათ შორის 19 კაცი და ოთხი ქალი იბრძვის.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი 50%-ს პლუს ერთ ხმას ვერ მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხუთ მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეუძლია. ქვეყნის მასშტაბით 11 000-მდე საარჩევნო უბანია გახსნილი.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ზიმბაბვეში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებიც ტარდება.
რობერტ მუგაბემ, რომელიც ხელისუფლებაში პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1980 წელს მოვიდა, განაცხადა, რომ არჩევნებში ხმას მოქმედ პრეზიდენტს არ მისცემს. რეგისტრირებული ამომრჩევლის ნახევარზე მეტი 35 წელს ქვემოთ ასაკისაა. დასავლური მედია წერს, რომ მუგაბეს ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, ზიმბაბვეში უმუშევრობის მაჩვენებელი 90%-ს უტოლდება.