მთვარის ზედაპირქვეშ შესაძლოა, ძვირფასი ლითონები იმალება - ახალი კვლევა
მთვარის ზედაპირქვეშ შესაძლოა, ძვირფასი ლითონები იმალება - ახალი კვლევა

როცა გვსურს, გავიგოთ, რა სახის მინერალები შეიძლება ვიპოვოთ მთვარის წიაღში, ვიკვლევთ მის ზედაპირს. ამერიკელ და კანადელ მკვლევართა ჯგუფის აზრით, ეს საკმარისია რათა დავასკვნათ, რომ მთვარის სიღრმეში ნამდვილი განძი იმალება.

მთვარის ქიმიის უკეთ შესწავლით, მათ შეიძლება საბოლოოდ გადაჭრან მეცნიერთა შორის არსებული უთანხმოება, რომელიც მთვარის მანტიაში ძვირფას ელემენტთა სიმწირის გამო აგორდა.

იმის გარკვევა, თუ რა შეიძლება იყოს მთვარის ზედაპირქვეშ, დაახლოებით 50 წლის წინ დაიწყო, როცა ასტრონავტებმა იქიდან რამდენიმე ასეული კილოგრამი ქანი ჩამოიტანეს.

კანადის დელჰაუზის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერის, ჯეიმს ბრენანის განცხადებით, აპოლოს მთვარის მისიების ასტრონავტთა მიერ დედამიწაზე ჩამოტანილია სულ 400 კგ მთვარის ქანი, რაც საკმაოდ მცირე ოდენობაა.

როგორც იგი აღნიშნავს, იმისათვის, რათა რაიმე გავიგოთ მთვარის წიაღის შესახებ, უნდა შევისწავლოთ ლავის შემადგენლობა, რომელიც სწორედ წიაღიდან არის ამოსული.

2007 წელს, აპოლი 15-ისა და აპოლო 17-ის მისიების მიერ ჩამოტანილი ბაზალტის რეტრო-ინჟინერიის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს მთვარის მანტიაში სიდეროფილების, ანუ „რკინის მოყვარულ“ ელემენტთა რაოდენობა.

უცნაურია, მაგრამ ეს მასალები მთვარეზე მოსალოდნელზე 10-100-ჯერ ცოტა აღმოჩნდა.

მკვლევრებს დიდად ვერ დაეხმარა ის მოდელებიც, რომელთა მიხედვითაც, მეტეორიტების დარტყმამ მთვარეს მასა კი არ შემატა, არამედ პირიქით, უკვე არსებული გაანიავა.

პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ მკვლევართა რწმენით, მთვარის გეოქიმია მეტნაკლებად ჰგავს დედამიწისას.

ეს მოსაზრება აზრს მოკლებული არ არის, რადგან ფართოდ მიღებული თეორიის მიხედვით, მთვარე წარმოიქმნა დედამიწის მასალებისგან, როცა მას მოზრდილი ობიექტი შეეჯახა და მატერიის დიდი ნაწილი კოსმოსში გაიტყორცნა. თუმცა, მიუხედავად მრავალი მსგავსებისა, არსებობს განსხვავებებიც, რომელთა გამოც ძალიან შორეულ წარსულში დაბრუნება ხდება საჭირო.

ამის გამო, მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეურწყა შედეგები, რომლებიც გოგირდის ხსნადობის ექსპერიმენტებიდან და მაგმის გაციების წნევისა და თერმოდინამიკის მოდელებიდან მიიღეს. მათი მიზანი მთვარის მანტიის შემადგენლობის უფრო ზუსტი სურათის მიღება იყო.

აღმოჩნდა, რომ ეს სიდეროფლი ელემენტები იქ მოსალოდნელზე მეტია, უბრალოდ ზედაპირზე არ არის წარმოდგენილი.

ბრენანის განცხადებით, მათი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მთვარის ვულკანური ქანები არის წიაღში რკინის სულფიდების არსებობის ნიშანი. მისი თქმით, ლავის წარმოქმნისას, წიაღში უნდა დარჩენილიყო ძვირფასი ლითონები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგების მიხედვით შეუძლებელია მანტიაში ძვირფას მეტალთა ზუსტი შემადგენლობის დადგენა, მიუთითებს, რომ მყარი დასკვნების გასაკეთებლად მხოლოდ ამ ქანების ჩვენს ხელთ არსებული ნიმუშები საკმარისი არ არის.

ღირებული იქნება თუ არა მათი მოპოვება, დამოკიდებულია თუ რას იპოვიან სამომავლო მისიები.

მანტიის სიღრმეში რკინის მოყვარულ ელემენტთა ოდენობის შესახებ გარკვეული ცნობები შეიძლება მოგვცეს მთვარის სამხრეთ რეგიონებში დარტყმების შედეგად მოშიშვლებულმა ქანებმა.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი