კრატერი, რომელიც მთვარის ზედაპირის თითქმის მეოთხედს იკავებს, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის წარმოქმნის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის. მკვლევართა განცხადებით, ამ ინფორმაციას უზარმაზარი შედეგები ექნება.
სამხრეთ პოლუსი-აიტკენის დარტყმითი აუზიდან ამოტყორცნილი მასალების ახალი ანალიზების საშუალებით, მეცნიერებმა მთვარის მანტიისა და ქერქის განვითარების დროის გრაფიკი დააზუსტეს. მოვლენათა თანმიმდევრობის დასადგენად, მათ რადიოაქტიური თორიუმი გამოიყენეს.
„შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენები აქვს მთვარის წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ წარმოდგენაზე“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის პლანეტური გეოლოგი დენიელ მორიარტი ხელმძღვანელობდა.
თითქმის მთლიანად დარტყმითი კრატერებით დაფარულ მთვარეზე, სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზი მართლაც გამორჩეულია. სიგრძეში 2500 კილომეტრია, სიღრმეში კი 8,2 კმ და წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს დარტყმით კრატერს მთელ მზის სისტემაში.
წარმოიქმნა გიგანტური დარტყმის შედეგად, დაახლოებით 4,3 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზის სისტემა (ამჟამად 4,5 მილიარდი წლის) ჯერ კიდევ „ჩვილი ბავშვი“ იყო. იმ დროს მთვარე საკმაოდ თბილი და დრეკადი იყო და შესაბამისად, დარტყმას მნიშვნელოვანი ოდენობის მასალა ზედაპირს ზემოთ უნდა ამოეტყორცნა.
ვინაიდან ეს აუზი მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს არის მოქცეული, მისი შესწავლა არც ისე ადვილია, რადგან მთვარე ჩვენკენ მუდამ სხვა, მეორე მხრით არის მოქცეული. ამიტომ, სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზიდან მატერიის „ამოშხეფების“ მახასიათებლების შესახებ მკვლევრებმა ახალი სიმულაციები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მთვარის ზედაპირის იმ ადგილებში, სადაც ეს ამოტყორცნილი მასალები უნდა დაცემულიყო, შეიმჩნევა თორიუმის დეპოზიტები.
მთვარის შესახებ ერთი განსაკუთრებული დეტალი ის არის, რომ მისი „ბნელი“ და ნათელი მხარეები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ე.წ. ნათელი მხარე, რომელიც მუდმივად დედამიწისკენ არის მოქცეული, დაფარულია მუქი ლაქებით. იქ უხვადაა ე.წ. მთვარის ზღვები — ვრცელი ვაკეები, რომლებიც მთვარის წიაღში უძველეს დროში მიმდინარე ვულკანური აქტივობის შედეგად ამოტანილი მუქი ბაზალტით არის დაფარული.
ბნელი მხარე გაცილებით ფერმკრთალია, ცოტაა ბაზალტის ლაქები და გაცილებით მეტია კრატერი. ბნელ მხარეს ქერქი უფრო სქელია და აქვს ნათელი მხარისგან განსხვავებული შემადგენლობა.
ამ დროისათვის მთვარეზე დაფიქსირებული თორიუმის დიდი ნაწილი ნათელ მხარეზე მოდის და შესაბამისად, მისი არსებობაც ორ მხარეს შორის არსებულ ასეთ განსხვავებას მიეწერება. თუმცა, სამხრეთ პოლუსი-აიტკენის დარტყმითი აუზიდან ამოტყორცნილი მასალა სულ სხვა ამბავს გვიამბობს.
მთვარის თორიუმი დაილექა პერიოდში, რომელსაც მთვარის მაგმის ოკეანე ეწოდება. მიჩნეულია, რომ იმ დროს, დაახლოებით 4,5 – 4,4 მილიარდი წლის წინ, მთვარე დაფარული უნდა ყოფილიყო გამდნარი ქანებით, რომლებიც თანდათან გაცივდა და გამყარდა.
ამ პროცესში უფრო მკვრივი მინერალები გამდნარი ფენის ფსკერისკენ ჩაიძირა და გაჩნდა მანტია, მსუბუქი ელემენტები კი ზედაპირზე ამოტივტივდა და ქერქი წარმოქმნა. ვინაიდან თორიუმი ადვილად ვერ შედის მინერალის სტრუქტურებში, ის გამდნარი ფენის სახით უნდა დარჩენილიყო ამ ორ ფენას შორის და ბირთვისკენ მხოლოდ ქერქისა და მანტიის კრისტალიზაციის დროს ან ამის შემდეგ უნდა ჩაძირულიყო.
ახალი ანალიზების მიხედვით, როდესაც სამხრეთ პოლუსი-აიტკენის დარტყმა მოხდა, ამ ფენიდან მაღლა ამოიტყორცნა დიდი ოდენობით თორიუმი და მთვარის ნათელი მხარის ზედაპირზე მიმოიფანტა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარტყმა თორიუმის ფენის ჩაძირვამდე უნდა მომხდარიყო. ასევე მიუთითებს იმას, რომ ფენა იმ დროისათვის გლობალურად უნდა ყოფილიყო გადანაწილებული და არა მხოლოდ მთვარის ნათელ მხარეს კონცენტრირებული.
სამხრეთ პოლუსი-აიტკენის დარტყმამ ქანები იმაზე დიდ სიღრმეზეც გაადნო, ვიდრე ამოტყორცნილი მასალა. შემადგენლობით ის ძალიან განსხვავდება ზედაპირზე არსებული მასალისგან, რომელიც ძალიან ცოტა თორიუმს შეიცავს. თავის მხრივ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დარტყმის დროს ზედა მანტიას შემადგენლობით განსხვავებული ორი შრე ჰქონდა, რომლებიც სხვადასხვა გზით მოშიშვლდნენ.
დარტყმის შედეგად ამოტყორცნილი მასალა მომდევნო 4 მილიარდი წლის განმავლობაში განიცდიდა სხვა დარტყმებს, გამოფიტვასა და ვულკანური აქტივობის ზემოქმედებას. თუმცა, შედარებით ახალ დარტყმით კრატერებში ჯგუფმა მიაგნო თორიუმის ხელუხლებელ დანალექებს. მთვარის სამომავლო მისიებისას, ამ ადგილების მონახულება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
„სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზის წარმოქმნა მთვარის ისტორიის ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან მოვლენებს შორის არის. მან გავლენა იქონია მთვარის ქერქის არა მხოლოდ თერმულ და ქიმიურ ევოლუციაზე, არამედ მთვარის ზედაპირზე ამონატყორცნისა და დარტყმითი ნადნობის სახით შემოგვინახა მანტიის ჰეტეროგენული მასალები“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მათივე განცხადებით, ახლა, როდესაც მთვარის საერთაშორისო და კომერციული კვლევის ახალ ხანაში შევდივართ, მთვარის ზედაპირზე მიმოფანტული მანტიის ეს მასალები უმაღლესი პრიორიტეტის სამიზნეებად უნდა მივიჩნიოთ პლანეტური მეცნიერების წინსვლისთვის.
კვლევა ჟურნალ JGR Planets-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.