მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, საოცარი სანახაობის – მთვარის დაბნელების მომსწრე საქართველოში მცხოვრებნიც გახდნენ. ამ მოვლენას შეუიარაღებელი თვალით ქუჩაში გამოსული, ფანჯრიდან თუ აივნიდან ბევრი ადამიანი აკვირდებოდა ჩვენს ქვეყანაშიც. პირველი არხის ფოტოკორესპონდენტმა აღბეჭდა მთვარის დაბნელება თბილისის ცაზე.
მთვარის სრული დაბნელება თბილისის დროით 21:14 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის სრული დაბნელება ხშირად ხდება, ამჟამინდელი პროცესი გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ 21-ე საუკუნის სხვა დაბნელებებს შორის ყველაზე დიდხანს გასტანა. სრული დაბნელების პერიოდი (დაბნელების მონაკვეთი, როცა მთვარე მთლიანად არის მოქცეული დედამიწის ჩრდილში) 1 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. როგორც წესი, მსგავსი დაბნელებები ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდება. მთვარის შემდეგი ხანგრძლივი დაბნელება 2025 წელს მოხდება, მაგრამ მხოლოდ 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდება.