მსოფლიო მთვარის დაბნელებას აკვირდება - LIVE

მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი საოცარი სანახაობის მომსწრეა. თბილისის დროით 21:14 საათზე  მთვარის სრული დაბნელება დაიწყო.

მოვლენისთვის თვალის დევნება საქართველოდანაც არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის სრული დაბნელება ხშირად ხდება, ამჟამინდელი პროცესი გამორჩეულია იმ მხრივ, რომ 21-ე საუკუნის სხვა დაბნელებებს შორის ყველაზე დიდხანს გასტანს.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მარსი ცაზე ბოლო 15 წლის სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს. მთვარე სრულად დაბნელდება, ანუ მთლიანად მოექცევა დედამიწის ჩრდილში. ამ დროს, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მოწითალო შეფერილობას მიიღებს.

სრული დაბნელების პერიოდი (დაბნელების მონაკვეთი, როცა მთვარე მთლიანად არის მოქცეული დედამიწის ჩრდილში) 1 საათსა და 43 წუთს გასტანს. როგორც წესი, მსგავსი დაბნელებები ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდება. დაბნელება პიკს 28 ივლისის 00:21 საათზე მიაღწევს და 03:28 საათზე დასრულდება.

შემდეგი ხანგრძლივი დაბნელება 2025 წელს მოხდება, მაგრამ მხოლოდ 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდება.

გარდა მთვარის მოწითალო დაბნელებისა, საოცრად კაშკაშად გამოჩნდება მარსიც. წითელი პლანეტა ოპოზიციაში მოექცევა, ანუ მარსი და მზე ზუსტად დედამიწის აქეთ-იქით, საპირისპირო მხარეებზე მოექცევიან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარსი ძალიან კაშკაშა იქნება, იუპიტერზე მეტადაც კი. სიკაშკაშით სამჯერ გადააჭარბებს სირიუსს, ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს. მარსს ცაში სიკაშკაშით მხოლოდ მზე, მთვარე და ვენერა გადაასწრებენ.

მთვარის დაბნელების ასეთ ტიპს „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.