მთვარეზე იმაზე გაცილებით მეტი წყალია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა - ახალი კვლევა
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მთვარეზე შესაძლოა, იმაზე მეტი წყლის ყინულია, ვიდრე გვგონია. ამას კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება სამომავლო მისიებისათვის.
მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს პლანეტა მერკურის ზედაპირის მზისგან დამალული, დაჩრდილული ზონები და ასევე დაჩრდილული მთვარის კრატერები; შედეგად, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსის მიდამოებში, ჩაბნელებულ კრატერებში რამდენიმე მეტრის სისქის ყინულის დეპოზიტები უნდა იყოს.
მკვლევართა აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კრატერები მზისგან დაცულია და ღამით იქ ტემპერატურა -233 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, მათ წიაღში ბლომად ყინული უნდა იყოს.
ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ნასას ხომალდ „მესენჯერის“ მონაცემები, რომელიც მერკურის გარშემო ოთხი წლის განმავლობაში მოძრაობდა და მივიდა დასკვნამდე, რომ მერკურის მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში დიდი ოდენობით ყინული უნდა იყოს.
მთვარის ორბიტაზე მოძრაობდა ნასას ხომალდი LRO, რომელიც 2009 წელს მის ზედაპირს შეასკდა. როგორც მის მიერ შეგროვებული მონაცემები მიუთითებს, მისი ზოგიერთი კრატერი ნაწილობრივ შედგება წყლისა და ორთქლის ყინულისგან.
ცოტა ხნის წინ ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ სამხრეთ პოლუსის კრატერებში შესაძლოა, წყალი იყოს მომწყვდეული, მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე ამას კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები ახლა ვარაუდობენ.
რადგან მთვარეს ატმოსფერო არ აქვს, კრატერების შემადგენელი მასალები დაცული არ არის მეტეორიტებისა და მზის იონიზებული აირების, ანუ მზის ქარებისგან. ამის გამო, ეროზია წყლის ნაწილაკებს კრატერიდან აგდებს, სადაც მათი შემჩნევა შესაძლებელია მთვარის გარშემო მოძრავი ნასას კიდევ ერთი ხომალდის — Lunar Reconnaissance Orbiter-ის ინსტრუმენტებით.
კვლევის ავტორის, უილიამ ფარელის განცხადებით, ამ კრატერებში წყალი ნამდვილად არის მომწყვდეული. მისივე თქმით, მთვარის ზედაპირს გამუდმებით ურტყამს მზის ქარები და მეტეოროიდები, რაც იწვევს რეაქციებს, რომლებიც როგორც წესი, უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე ზედაპირებზე ხდება. სწორედ ამ ფაქტს არ ითვალისწინებდნენ მკვლევრები აქამდე.
ნაკლებად არის სავარაუდო იქამდე გავარკვიოთ, ზუსტად რამდენი წყალია ჩაჭედილი ამ კრატერებში, ვიდრე იქ ასტრონავტებს გავგზავნით.
საუკეთესო შემთხვევაში, მთვარის დაახლოებით 12 000-მდე დაჩრდილულ კრატერში პოტენციურად უნდა იყოს მილიონობით ტონა ყინული, რაც დიდად შეუწყობს ხელს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანთა მუდმივი ბაზების დაარსებას.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.