მთვარეზე აღმოაჩინეს ორმოები, რომლებშიც ადამიანთა საცხოვრებლად ხელსაყრელი ტემპერატურაა — #1tvმეცნიერება
მთვარეზე ტემპერატურა შეიძლება ძლიერ სხვადასხვაგვარი იყოს, ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი, რაც დღე-ღამეზეა დამოკიდებული. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ იქ შეიძლება იყოს ორმოები და მღვიმეები, სადაც ტემპერატურა საკმაოდ ზომიერია, იმის მიუხედავად, თუ რა დროა.
ახალი გათვლების მიხედვით, ასეთ ადგილებში ტემპერატურა დაახლოებით 17 გრადუსი ცელსიუსია. შესაბამისად, ისინი შეიძლება ბრწყინვალე ადგილები იყოს ბანაკების დასაარსებლად, რათა მთვარის დანარჩენი ზედაპირის უკეთესად შევისწავლოთ.
მათ ასევე შეიძლება დაგვიცვან პატარა მეტეორიტებისა და მზის სახიფათო რადიაციისგან. თუ კომფორტული ბაზა ექნებათ, მთვარის მომავალი მოსახლეები შეიძლება სხვა მიზნებზე ფოკუსირდნენ — მაგალითად, საკვების მოყვანაზე ან კვლევების წარმოებაზე.
„ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრებით განვითარდნენ და მთვარეზე ცხოვრების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება კვლავ გამოქვაბულებს დავუბრუნდეთ“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი დევიდ პიაჯი.
მთვარეზე თხრილების არსებობის შესახებ უკვე რამდენიმე წელიწადია ვიცით. მთვარის ორბიტაზე მოძრავი NASA-ს ხომალდის, Lunar Reconnaissance Orbiter-ის (LRO) მიერ გადაღებული სურათების გამოყენებით, მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, თუ რა ტემპერატურა შეიძლება იყოს მთვარის ერთ-ერთი რეგიონის, „სიმშვიდის ზღვის“ ერთ თხრილში.
დროთა განმავლობაში ქანების თერმული თვისებების ანალიზებისთვის მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ორმოს მზით განათებულმა ნაწილმა შეიძლება იმდენი სითბო შეინარჩუნოს, რომ ზედაპირზე უფრო ცხელი იყოს და 300 გრადუს ცელსიუსსაც კი მიაღწიოს.
მიუხედავად ამისა, ახლომდებარე ჩრდილებში, მომწყვდეულმა სითბომ ყინულივით ცივი ტემპერატურა შეიძლება უფრო ზომიერ ნიშნულამდე გაათბოს და ეს სითბო მზის ჩასვლის შემდეგაც კი შეინარჩუნოს.
შემდეგი კითხვაა, არის თუ არა ასეთ ადგილებში საკმარისი ადგილი მკვლევართა საზოგადოების განსათავსებლად. კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ზოგიერთ ორმოში კი; ასეა დედამიწაზეც, სადაც ზედაპირქვეშ გამდნარი ლავის ნაკადები ტუნელებს ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ორმო ჩანგრეული ლავის მილი იყოს.
კვლევა მოიცავდა მრავალი ფოტოსურათის გასწორებას და შეჯერებას, შეუსაბამობათა აღმოფხვრას იქამდე, ვიდრე ჯგუფმა შეძლო LRO-ს მიერ გადაღებული ფოტოების თითოეული პიქსელისთვის ტემპერატურის შეფასება.
მთვარეზე ყოველი დღე და ღამე დაახლოებით 15 დედამიწის დღე გრძელდება; დღისით ტემპერატურა 127 გრადუს ცელსიუსამდე ადის, ღამით კი მინუს 173 გრადუს ცელსიუსამდე ჩამოდის.
მთვარის კვლევის გრძელვადიან პროექტებში, ასეთი უკიდურესობებისგან დაცვა ადამიანებსაც სჭირდებათ და აღჭურვილობასაც, რაც საკმაოდ რთული საინჟინრო გამოწვევაა. იდეალური გამოსავალი იქნებოდა საცხოვრებლად ვარგისი მღვიმის პოვნა.
რეგიონის შესწავლას NASA შეთავაზებული მისია Moon Diver-ის ფარგლებში გეგმავს, რომელიც ითვალისწინებს მავალის ჩაყვანას „სიმშვიდის ზღვის“ ორმოში და იმის გარკვევას, არის თუ არა ის დაკავშირებული რაიმე სახის მღვიმეთა ქსელთან.
„ორმოები მომაჯადოებელი წარმონაქმნებია მთვარის ზედაპირზე. თუ გვეცოდინება, რომ ისინი სტაბილურ თერმულ გარემოს წარმოქმნიან, ერთ მშვენიერ დღეს მათ აუცილებლად შევისწავლით და გამოვიყენებთ“, — ამბობს NASA-ს პლანეტური გეოლოგი ნოა პეტრო.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.