მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს
მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომლის ძირითად პრინციპებზე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ.

როგორც სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2015 წელს „მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მთაში არსებული პრობლემები ამ კანონით სრულად არ იფარება. შესაბამისად, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ქმედებებზე, რა უნდა გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ მთაში დაბრუნდეს მოსახლეობა. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე არის პარამედიკოსების პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს. ეს გულისხმობს უშუალოდ მთაში მცხოვრებთა პირველადი დახმარების ტრენინგ-პროგრამას, რაც მათ საშუალებას მისცემს, დაეხმარონ თანასოფლელებს მანამ, ვიდრე სასწრაფო დახმარება მივა. გარდა ამისა, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყოფა თანხა ასევე დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემის – ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის, რაც ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის თანადაფინანსებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის  50-ზე მეტ სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ელექტროენერგია, მზის პანელებით უზრუნველყოფის პროგრამა განხორციელდება.

„ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ კონკრეტული ქმედებებისა, რომელზეც დღეს ვიმსჯელეთ. ასევე განვიხილეთ ტყის მოვლისა და ტყის ეკონომიკის მიმართულება და შევთანხმდით მთის სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო 2019-2023 წლებისთვის შეიმუშავებს. ყველა ჩართული უწყების მონაწილეობით, სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა, სადაც ყველა ღონისძიება გაიწერება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მერვე სხდომა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.