თბილისში, მთაწმინდის 22-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება უბნის თავმჯდომარესა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის მოხდა.
22-ე საარჩევნო უბანის თავმჯდომის განცხადებით, დამკვირვებელი ყოველი პირადობის მოწმობის ნახვის შემდეგ ტელეფონს იღებდა და სავარაუდოდ ინფორმაციას გზავნიდა. თუმცა, როგორც ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელმა, ლელა მჭედლიძემ აღნიშნა, ის კარებში იდგა და პირადობებს უბრალოდ ამოწმებდა, მათ ფოტოებს არ იღებდა. ამასთან, მისი თქმით, მონაცემებს გაგზავნის შემთხვევა არ ყოფილა.
დაპირისპირების შემდეგ 22-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მივიდა.
განმარტებების შემდეგ უბანზე ინციდენტი ამოიწურა.
პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ტარდება. მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ 43 908 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვსი საინიციატივო ჯგუფისა და 14 პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის უწევს.