მთავრობის შემადგენლობას დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ
მთავრობის შემადგენლობის მოსმენა საქართველოს პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.
დღეს მთავრობის შემადგენლობას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.
პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში გაიმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით დაესწრება.
„ნაციონალური მოძრაობა“, საკომიტეტო მოსმენების მსგავსად, ფრაქციის ფორმატში შეხვედრის ბოიკოტირებასაც გეგმავდა, თუმცა გუშინ გვიან ღამით პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრა გადაწყვიტა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ამის მიზეზი პარტიის მხარდამჭერთა მოთხოვნა გახდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად საკომიტეტო ბოიკოტისა და მიგვაჩნდა, რომ ეს არის სწორი, ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მესიჯი, რომ ამ რუტინულ ურთიერთობებში განხილვაში შესვლა იქნებოდა გარკვეული ფორმით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ასევე ვაპირებდით ფრაქციის სხდომის ბოიკოტს, მაგრამ ჩვენმა მომხრეებმა გვირჩიეს, გამოგვეყნებინა ეს მაღალი ტრიბუნა და კიდევ ერთხელ დაგვესვა ყველა ის მწვავე შეკითხვა, რაც აწუხებს დღეს საზოგადოებას და ჩვენ გადავწყვიტეთ, შევხვდეთ მთავრობას ფრაქციის ფორმატში. პრობლემა, რომელიც დგას დღეს ქვეყანაში და რა მძიმე ვითარებაშიც ჩააგდო ამ მთავრობამ ხალხი, ეკონომიკა, იმ ძალადობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ყველა ამ საკითხზე იქნება დასმული კითხვები და ეს სხდომა იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ როგორი ხელისუფლება დაგვასვა ივანიშვილმა თავზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე დასწრებას, რომან გოცირიძის თქმით, ამის შესახებ ფრაქციაში ჯერ არ უმსჯელიათ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ როგორ წარიმართება პროცესები და როგორ განვითარდება მოვლენები.
დღის მეორე ნახევარში მთავრობის შემადგენლობის მოსმენა უკვე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების ფორმატში გაიმართება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
„ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად, რომლის სახელსაც უკავშირდება ბავშვებისთვის თვალების დათხრა, პირდაპირ არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა და პირდაპირ თქმა, რომ საზოგადოების აზრს მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ასეთი ქმედება გიბიძგებს, რომ კითხვებისა და განხილვების დონეზეც კი არ მიიღო მონაწილეობა ასეთ მთავრობასთან. ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენ არ ვესწრებოდით კომიტეტის მოსმენებს. მთავარი მიზეზი იყო, რომ კომიტეტებზე არ იყო გახარია. ხვალ არის ფორმატი, რომელსაც თვითონ ადგენს „ევროპული საქართველო“, რადგან მისი სამი ფრაქცია მოისმენს მთავრობის პასუხებს ჩვენს კითხვებზე. ამ შეხვედრას დაესწრება უკვე პრემიერ-მინისტრი. საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გახარიასთან და ჩვენ ჩათვალეთ ვალდებულებად, რომ ეს კითხვები გახარიას დავუსვათ. კომიტეტის სხდომებზე დღის წესრიგს განსაზღვრავს უმრავლესობა. იქ არ იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ხვალ დღის წესრიგს განსაზღვრავს „ევროპული საქართველო“. „ევროპული საქართველო“ დაუსვამს გახარიას იმ კითხვებს, რომელიც ხალხს აქვს, განსაკუთრებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ, შევიზღუდო თავი და ვთქვა, რომ სხვა კითხვები სხვებთან არ მექნება, მაგრამ ძირითადად გახარიაც კი ნომინალური ფიგურაა. ის ივანიშვილის დასმულია ამ თანამდებობაზე. როგორც კი მოუნდება, გაუშვებს. ამ ფონზე, საუბარი ღარიბაშვილზე, ციხელაშვილზე, უბრალოდ სასაცილოა, მაგრამ ფორმატი გვაჩვენებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
ხვალ მთავრობის წევრებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“, ხოლო შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციები მოუსმენენ.
8 სექტემბერს მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.