ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობის პროგრამაში ახალი არაფერი თქმულა, არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება
ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობის პროგრამაში ახალი არაფერი თქმულა, არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება

ახალი არაფერი თქმულა მთავრობის პროგრამაში, არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას.

ბექა ნაცვლიშვილი მინისტრობის კანდიდატების მიერ წარდგენილ ანგარიშებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამის მიხედვით ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი კვლავ მცირე რჩება და გრძელდება ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, მისივე თქმით, არაეფექტურია.

„არაფერი ახალი არ არის, იგივე ეკონომიკური პოლიტიკაა, იგივე მანიპულატურული „დუინგ ბიზნესებზე“ (doing business) და ინდექსებზე ორიენტირებული. სახელმწიფოს როლი ისევ მცირეა ეკონომიკაში, რაც არის ძალიან ცუდი, რადგან ასე ჩვენ მივჩანჩალებთ, სახელმწიფო როლის გაზრდის გარეშე ეკონომიკური თვალსაზრისით. მწვავე კითხვებზე პასუხი არ არის, როგორიც არის მაგალითად 31-ე ქარხნის პრობლემა, რომელიც გადაუჭრელია დღემდე და საავიაციო სფერო ძალიან ზარალდება. იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა. შეიძლება, ეროვნული ბანკი მთავრობის წევრი არ არის, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ამაზე პასუხები უნდა ჰქონდეს, რადგან ინფლაცია იზრდება ქვეყანაში, ყველაფერი ძვირდება. საერთო ინფლაციის მაჩვენებელი შეიძლება, სტაბილურია, მაგრამ ზოგადად ინფლაცია გაზრდილია და გაზრდილია სწორედ იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ურტყამს ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ ახალი არაფერი თქმულა მთავრობის პროგრამაში, არის იმავე პოლიტიკის, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, რომელმაც ამ 30 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ მოიტანა და ჩვენ თუ ვამაყობთ 5,4 და 4,5-პროცენტიანი ზრდით, ეს არაფრის მომცემი ციფრებია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.