რომან გოცირიძე - ვაპირებდით ფრაქციის ფორმატში მთავრობის მოსმენის ბოიკოტს, მაგრამ მომხრეებმა გვირჩიეს, გამოგვეყენებინა ეს მაღალი ტრიბუნა და დაგვესვა მწვავე შეკითხვები
რომან გოცირიძე - ვაპირებდით ფრაქციის ფორმატში მთავრობის მოსმენის ბოიკოტს, მაგრამ მომხრეებმა გვირჩიეს, გამოგვეყენებინა ეს მაღალი ტრიბუნა და დაგვესვა მწვავე შეკითხვები

ვაპირებდით ფრაქციის სხდომის ბოიკოტს, მაგრამ მომხრეებმა გვირჩიეს, გამოგვეყენებინა ეს მაღალი ტრიბუნა და კიდევ ერთხელ დაგვესვა ყველა ის მწვავე შეკითხვა, რაც აწუხებს დღეს საზოგადოებას და ჩვენ გადავწყვიტეთ, შევხვდეთ მთავრობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად საკომიტეტო ბოიკოტისა და მიგვაჩნდა, რომ ეს არის სწორი, ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მესიჯი, რომ ამ რუტინულ ურთიერთობებში განხილვაში შესვლა იქნებოდა გარკვეული ფორმით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ასევე ვაპირებდით ფრაქციის სხდომის ბოიკოტს, მაგრამ ჩვენმა მომხრეებმა გვირჩიეს, გამოგვეყენებინა ეს მაღალი ტრიბუნა და კიდევ ერთხელ დაგვესვა ყველა ის მწვავე შეკითხვა, რაც აწუხებს დღეს საზოგადოებას და ჩვენ გადავწყვიტეთ, შევხვდეთ მთავრობას ფრაქციის ფორმატში. ის პრობლემა, რაც დგას დღეს ქვეყანაში და რა მძიმე ვითარებაში ჩააგდო ამ მთავრობამ ხალხი, ეკონომიკა, იმ ძალადობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ყველა ამ საკითხზე იქნება დასმული კითხვები და ეს სხდომა იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ როგორი ხელისუფლება დაგვასვა ივანიშვილმა თავზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე დასწრებას, რომან გოცირიძის თქმით, ამის შესახებ ფრაქციაში ჯერ არ უმსჯელიათ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ როგორ წარიმართება პროცესები და როგორ განვითარდება მოვლენები.

მთავრობის შემადგენლობის მოსმენა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში 12:00 საათზე დაიწყება.