ირაკლი კოვზანაძე - მინისტრობის კანდიდატები არ გამოსულან პოპულისტური განცხადებებით, მთავრობა საქმეზეა ორიენტირებული
ირაკლი კოვზანაძე - მინისტრობის კანდიდატები არ გამოსულან პოპულისტური განცხადებებით, მთავრობა საქმეზეა ორიენტირებული

მინისტრობის კანდიდატების გამოსვლები საინტერესო და შინაარსიანი იყო. ჩემთვის, როგორც ეკონომისტისა და ფინანსისტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო პოპულისტური განცხადებებით დახუნძლული და რომ მთავრობა საქმეზეა ორიენტირებული, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე პარლამენტარებმა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და ნდობა გამოუცხადეს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას; ამავე დროს, სახელისუფლებო პროგრამის მიზანია, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი განვითარება და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის საინვესტიციო დონის BBB-/Baa3-მდე მიღწევა.

„მთავრობის დროულ ინიციატივად მიმაჩნია „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მომზადება და მიღება; ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების გაფართოვება-დახვეწა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გაგრძელება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკის ნაწილია ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და დაფინანსება, ასევე პრიორიტეტულია ანაკლიის პორტის მშენებლობა.