რომან კაკულია - ეკონომიკური გუნდის მოსმენისას ბევრი საკითხი წამოიწია ახლებურად და მათი ეფექტურად განხორციელების პერსპექტივა გამოჩნდა
რომან კაკულია - ეკონომიკური გუნდის მოსმენისას ბევრი საკითხი წამოიწია ახლებურად და მათი ეფექტურად განხორციელების პერსპექტივა გამოჩნდა

ძალიან ბევრი საკითხი წამოიწია ახლებურად და მათი ძალიან ეფექტურად განხორციელების პერსპექტივა გამოჩნდა. ვისაც უნდა, რომ ეს არ დაინახოს, მისი უფლებაა, – ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას.

რომან კაკულია დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მწვავე კრიტიკას ეხმაურება. მისი თქმით, სამწუხარო ტრადიცია ყალიბდება, რომ ოპოზიციური აზრი ყველაფრის უარყოფას ნიშნავს. რომან კაკულიას შეფასებით, სამთავრობო პროგრამა არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს. მისივე განცხადებით, სიღარიბის დაძლევის პროგრამები კიდევ უფრო კონცენტრირებული და მიზანმიმართული გახდება.

„სამწუხარო ტრადიცია ყალიბდება ჩვენთან, ოპოზიციური აზრი ნიშნავს ყველაფრის უარყოფას და ეს არ არის კარგი ტრადიცია, რომელიც, იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში გამოსწორდება. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა დღევანდელი წარმოდგენილი ანგარიშები იყო საკმაოდ შინაარსიანი. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, ორ დღეში მომზადებული, ჩვენ ბევრ მათგანთან გვიმუშავია და მიმდინარე პროცესია. თუმცა, რადგან განახლება ხდება, ახალი პრემიერია და ახლებურად უნდა მოხდეს ბევრი რაღაცის გადააზრება. გამოიკვეთა ბევრი აქცენტი, მაგალითად ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ზოგადად ბიუროკრატიული ბარიერების მოსპობა, როგორც ინვესტორებთან, ასევე მთელი რიგი შიდა პროცესები გახდეს უფრო დახვეწილი ინსტიტუციურად – ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. სიღარიბის დაძლევა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სხვადასხვა პროგრამა, უფრო კონცენტრირებული და მიზანმიმართული ხდება პროგრამები, რომლებიც ამასთან მიმართებით არსებობდა. ძალიან ბევრი საკითხი წამოიწია ახლებურად და მათი ძალიან ეფექტურად განხორციელების პერსპექტივა გამოჩნდა. ვისაც უნდა, რომ არ დაინახოს, ეს მისი უფლებაა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.