საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს 61 518 138 ლარი დაიხარჯა.
2018 წლის ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა ჯერ 50 მილიონი იყო, დეკემბერში შეტანილი ცვლილებით კი 60 მილიონი ლარი გახდა. საბოლოოდ, სარეზერვო ფონდიდან დაზუსტებულ გეგმაზე დაახლოებით 1.5 მილიონით მეტი დაიხარჯა.
ხაზინის მონაცემებით, დეკემბერში სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო მთავრობის ადმინისტრაციისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სახელმწიფო ობიექტების მოვლა-შენახვისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციისთვის, მოსახლეობის ელეტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესებისთვის და საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფინანსებლად.