მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლაზეც“ არის საუბარი
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლაზეც“ არის საუბარი

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლაზეც“ არის საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შემუშავდა და საჯარო სკოლებს დაეგზავნა რეკომენდაციები, რამაც უზრუნველყო ფორსირებულ რეჟიმში დისტანციური სწავლების ფორმატით სწავლა-სწავლების პროცესის მართვა და აკადემიური წლის დასრულება.

„30 მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხორციელდება სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის მიერ. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას. გაკვეთილების ბადე მოიცავს I-XII კლასებს. პროექტი ითვალისწინებს აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც. სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ნათარგმნია ჟესტურ ენაზე და გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულია „ქართული, როგორც მეორე ენა“. ასევე, მიმდინარეობს საგნების სწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მომზადდა პირველი არხი – განათლების ეთერისთვის გადაცემათა ციკლი „ბავშვთა ადრეული განვითარება – რჩევები მშობლებს“.

4 მაისიდან 4 ივლისის ჩათვლით ვებსკოლის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ვებინარები აბიტურიენტებისთვის. ჯამში 400-მდე ვებინარი იქნება განთავსებული პლატფორმაზე EL.GE. ვებინარები ტარდება წამყვანი მასწავლებლების მიერ ძირითად საგნებში. ამასთანავე სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ვებინარები ტარდება იმ საგანში, რომელსაც ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი