მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოდან გოგონას მოტაცება გააპროტესტეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან სოფელ ლამბალოში მომხდარი ფაქტი – 17 წლის გოგოს მოტაცება გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, შს მინისტრმა ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს და ფაქტის გამოძიებაში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთოს. ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახელმწიფომ ადრეული ქორწინებისა და მოტაცების წინააღმდეგ ეფექტიანი სტრატეგია შეიმუშაოს. მათი განცხადებით, სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა უნდა შეწყდეს და დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 12 ოქტომბერს 17 წლის გოგონა სოფელ თულარის მკვიდრმა ბიჭმა მოიტაცა. გატაცებულის ოჯახის თქმით, გოგო სახლიდან, ოთახიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულნი არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.
გამოძიების დაწყებიდან დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ შსს-ში.