მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით გაამახვილა ყურადღება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე, რამაც საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით ფართო რეზონანსი გამოიწვია. როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, აუცილებელია პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება. საპასუხოდ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ოჯახს.
ამ კონტექსტში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, რაზეც უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ახლო მომავალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.
სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ მოსკოვში განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა.
საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომლის მორიგი შეხვედრაც ახლო მომავალში გაიმართება.
რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორია თავის საქმიანობას წარმართავს ტრანსფარენტულ რეჟიმში და ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.