მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურიდან აცნობეს.
ბრიფინგის თემა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებაა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
მთავარ პროკურატურასთან თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავს. სარალიძე და მისი ახლობლები პროკურატურასთან საქალაქო სასამართლოდან გაემგზავრნენ, სადაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელსაც დაზარალებული მხარეები არ ეთანხმებიან.
ზაზა სარალიძემ აქციაზე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.