რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე - განმარტება
რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე - განმარტება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა.

ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად სარალიძის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.

სასჯელი მოსამართლეს არ განუსაზღვრავს, გამოაცხადა მხოლოდ კვალიფიკაცია.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი  სიტყვიერი  შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც  ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დ.ს. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლ.დ, ასევე მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიერ.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულისათვის გ.ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო გ.ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ)“.