მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლემ 21 თებერვალს გამართულ პროცესზე განაცხადა.

ადვოკატს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ გამამართლებელ განაჩენის მოლოდინი აქვს. როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, ბრალდების მხარეს 150 მოწმიდან კალანდიას წინააღმდეგ მხოლოდ სამი მოწმე ჰყავს, რომელთაც ჩვენებები საკუთარი თავის გადასარჩენად აქვთ მიცემული. ​ადვოკატის თქმით, ამ ვითარებაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

ამასთან, ზურაბ თოდუამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გარემოებებზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, საინტერესოა, ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე, რომელიც შემთხვევის დღეს იმ მხარეს იდგა, საიდანაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის თქმით კი, ადვოკატის ვერსია მტკიცებულებებით ვერ მყარდება. პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმეზე კიდევ ორი გამოძიება მიმდინარეობს, საიდანაც ერთ-ერთი გიორგი მენაბდის დაჭრის ფაქტს ეხება. ამასთან, მირიან მეგრელიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.