მსოფლიოში უკვე არის კორონავირუსის ეფექტიანი ვაქცინის ორი კანდიდატი — რას ნიშნავს ეს და გვაქვს თუ არა სიხარულის საფუძველი #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უკვე არის კორონავირუსის ეფექტიანი ვაქცინის ორი კანდიდატი — რას ნიშნავს ეს და გვაქვს თუ არა სიხარულის საფუძველი #1tvმეცნიერება

ვაქცინის ცდების შესახებ კიდევ ერთი დადებითი ამბის გაგება უდავოდ ძალიან ამაღელვებელია, რადგან კარგი ვაქცინა პანდემიის დასრულების ყველაზე კარგი საშუალებაა.

გასულ კვირას, ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის შიდა შედეგებმა აჩვენა, რომ მისმა ვაქცინამ COVID-19-ის შემთხვევები 90-პროცენტიანი ეფექტიანობით შეამცირა. ამჯერად, უკეთესი შედეგი აჩვენა ამერიკულმა კომპანია Moderna-მ — როგორც შიდა შედეგები მიუთითებს, მისი ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტიანია.

არც ერთი კომპანია უსაფრთხოების რაიმე გართულებებს არ წაწყდომია და საკუთარი ვაქცინა მათ ათობით ათას მოხალისეზე შეამოწმეს.

გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკურ ცდებს ამჟამად COVID-19-ის ძალიან ბევრი ვაქცინა გადის, უახლოეს თვეებში კიდევ ბევრ შედეგს ვიხილავთ. რიცხვები შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ საჭიროა უფრო ღრმად ჩახედვა, რათა გავიგოთ, ზუსტად რას ნიშნავს ნებისმიერი ახალი შედეგი.

ამის გათვალისწინებით, პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევარი საიმონ კოლსტო გვთავაზობს ექვს შეკითხვას, რომელიც ნებისმიერი ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგების შემდეგ უნდა დავსვათ.

1. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვაქცინა უსაფრთხოა?

თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ დიახ, თუ ვაქცინამ კლინიკური ცდების სამივე ეტაპი გაიარა ათასობით მონაწილეზე. ვაქცინა ასე შორს ვერ მიდის, თუკი მისი უსაფრთხოების შესახებ რაიმე სერიოზული ეჭვი არსებობს.

ისტორიულად არის შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა უარყოფითი შედეგები მიჩქმალეს, თუმცა, ახლა კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყველა ცდის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდეს ისე, რომ მათი გადახედვა სხვა მეცნიერებმაც შეძლონ.

შედეგად, ეს სექტორი ზოგადად იმაზე სანდოა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მაგრამ მაინც სიფრთხილე გვმართებს, თუკი კომპანია ჯერ მხოლოდ შიდა შედეგების შესახებ იუწყება.

ზოგიერთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ COVID-19-ის ვაქცინები უპრეცედენტო სისწრაფით იქმნება; თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი აბსოლუტური უმეტესობა ეფუძნება ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელსაც უსაფრთხოების ბრწყინვალე პროფილი აქვს.

გამოიყენება რამდენიმე ახალი ტექნოლოგიაც, მაგრამ კლინიკური ცდა და მარეგულირებელი პროცესი უკიდურესად მკაცრია და პოტენციურ გართულებათა უმეტესობას საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე ამჩნევს.

რა თქმა უნდა, ჯერ მაინც ძალიან ძნელია, რომ ვიცოდეთ გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების შესახებ, მაგრამ ვაქცინების შემთხვევაში ასეთი რამ იშვიათია და ნებისმიერი რისკი იმაზე გაცილებით მცირეა, ვიდრე იმ დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის წინააღმდეგაც ეს ვაქცინაა შექმნილი.

2. ასახავს თუ არა გამოქვეყნებული რიცხვები იმას, რისი გარკვევაც ამ ცდის მიზანი იყო?

ცდები ხშირად ბევრ რამეს ზომავს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ერთი ძირითადი საკვლევი კითხვა ან მიზანი, რომელზე პასუხის გაცემაც ამ კვლევის მთავარი დანიშნულებაა.

ცდებს ასევე გააჩნია რამდენიმე მეორეული საკვლევი კითხვა, მაგრამ წარმატება მათზე პასუხით არ განისაზღვრება. თუკი საკმარისად სხვადასხვა მიზანს გატესტავ, ბრმა შანსის გამო, რამდენიმე ყოველთვის დაემთხვევა.

ცდების მონაცემების ამ გზით დამახინჯება გახლავთ კვლევის დამახინჯების ფორმა, რომელსაც p-hacking-ს უწოდებენ. ნებისმიერი ცდის პირველადი და მეორეული მიზნების პოვნა შესაძლებელია კლინიკური ცდის რეგისტრის შემოწმებით.

და კვლავ მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ, არის თუ არა ეს შიდა შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედეგები შეიძლება იმედისმომცემი იყოს, როგორც ეს Pfizer-ისა და Moderna-ს შემთხვევაშია, არ არის იმის გარანტია, რომ შედეგები საბოლოოა.

3. აფასებს თუ არა კვლევა შესაბამის რამეებს?

იმის განსაზღვრა, რაც პრეპარატის მოქმედებას აფასებს, შეიძლება საკმაოდ რთული იყოს მრავალი დაავადებისთვის.

თუმცა, ვაქცინის შემთხვევაში კითხვა საკმაოდ მარტივია — დაინფიცირდნენ თუ არა ვაქცინირებული ადამიანები?

ნებისმიერი საზომს, რომელიც ამაზე რთულია, სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ.

4. ვისზე გაიტესტა ვაქცინა?

მოერგება თუ არა ცდის შედეგები რეალურ მსოფლიოს? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავიგოთ სხვაობა პოპულაციასა (ამ შემთხვევაში ყველა, ვისაც COVID-19-ით ინფიცირება შეუძლია) და პოპულაციის იმ ნაწილს შორის, რომელმაც ცდაში მიიღო მონაწილეობა.

მრავალ შემთხვევაში, ცდები იყენებს ორ სათუთად დამთხვეულ ნიმუშს ფრთხილად კონტროლირებად გარემო პირობებში.

ერთი მათგანს ვაქცინა ეძლევა, მეორეს კი პლაცებო (მაგალითად, მარილწყლის ინექცია ან სხვა დაავადებისთვის უკვე შექმნილი ვაქცინა), რათა გაკონტროლდეს, რომელ ჯგუფს გამოუვლინდება ვაქცინის ეფექტი.

კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, უსაფრთხოებისადმი არსებული შიშის გამო, ვაქცინას უკეთებენ ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც ზოგად პოპულაციას ნაკლებად ასახავს.

თუმცა, როდესაც ცდა უფრო შემდეგ ფაზებში გადადის და იზრდება, მეცნიერები ცდილობენ, პოპულაციის უფრო მეტად წარმომადგენლობითი ნიმუში აიღონ.

სწორედ ამიტომ არის ცდების დასკვნითი, მე-3 ფაზა ასე მნიშვნელოვანი; საკვლევი ნიმუში ისეა შერჩეული, რომ წარმოადგენდეს იმ პოპულაციას, რომლისთვისაც ეს ვაქცინაა განკუთვნილი.

ცდების შედეგების ოფიციალური პუბლიკაციები წარმოადგენს ცხრილებს, სადაც მოცემულია, ვინ იყო აღებული ნიმუშად; ხშირად მოცემულია ეფექტიანობის მაჩვენებლები სხვადასხვა ჯგუფისთვისაც (სქესის, ასაკს და ა. შ.).

სამწუხაროდ, 95-პროცენტიანი მაჩვენებელი შეიძლება ზუსტად არ დაემთხვეს მთლიან მოსახლეობას.

COVID-19-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ ამ დაავადების მიმართ ხანდაზმულები უფრო მოწყვლადნი არიან. შესაბამისად, ეფექტიანობას საბოლოოდ მაინც გამოყენების შემდეგ ვნახავთ.

5. იქნება თუ არა ვაქცინა გამოსადეგი?

სანამ ძალიან გაგვიხარდება, საჭიროა დავსვათ რამდენიმე პრაქტიკული კითხვა. რა ეღირება ვაქცინა? დამზადდება თუ არა დიდი ოდენობით? ადვილია თუ არა მისი ტრანსპორტირება და შენახვა?

ამ ლოგისტიკურმა პრობლემებმა შეიძლება ადვილად შეაფერხოს ვაქცინის მოხვედრა კლინიკებში.

6. შეგვიძლია თუ არა ვენდოთ, რასაც აცხადებენ?

სულ უფრო საჭირო ხდება სანდო და არასანდო წყაროების გარჩევის უნარი. სოციალური მედია ხშირად ზედაპირულია და მიდრეკილია დეზინფორმაციის გავრცელებისკენ.

მეორე მხრივ, ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და ცდების რეგისტრები შეიძლება საკმაოდ რთული გასაგები იყოს არასპეციალისტებისთვის.

გამოსავალია სანდო ჟურნალისტიკა. მოძებნეთ სარედაქციო ზედამხედველობის მქონე პუბლიკაციები და მიჰყევით სანდო სამეცნიერო და სამედიცინო გამოცემებს. ერთზე მეტი ინტერპრეტაციის წაკითხვა დაბალანსებული ხედვის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ, თავად იმ ჟურნალისტმა მოიპოვა თუ არა ეს ინფორმაცია, რომელიც ამბავს იუწყება.

რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული შედეგების წყაროდ მითითება უკვე კარგის ნიშანია — ვხედავთ, რომ ადგილი ჰქონდა ფაქტების მტკიცე გადამოწმებას.

იფრთხილეთ, თუ შენიშნავთ, რომ სტატიის წყარო რეცენზირებამდელი ჟურნალებია, ანუ ე. წ. რუხი ლიტერატურა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.