მშობელი - საჯარო სკოლებში ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ნაკლებია და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა
როცა ოცდაათ მშობელთან ერთად მეუბნები, რომ ჩემს შვილს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ბულინგის მსხვერპლი მე თავად ვხდები, – ამის შესახებ მოზარდის მშობელმა, ნინო კიმოთიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე ეს პრობლემა არ მქონია, მაგრამ ეს არაფრით არ შეიძლება. საჯარო სკოლაში სტანდარტული კრება ტარდება, რაც ბავშვისთვის ბულინგის საწყისი ეტაპია. მესმის, რომ საჯარო სკოლებში რესურსი ძალიან ცოტაა, მაგრამ ინდივიდუალური მიდგომა ნაკლებია და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კიმოთიძემ.
როგორც მან აღნიშნა, კერძო სკოლაში ზრუნვის ფაქტორი ბევრად მეტია.
„ჩემი ერთი შვილი საჯარო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი, კერძო სკოლის. იმ კერძო სკოლაში, სადაც ჩემი შვილი დადის, თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა აქვთ, კრება საერთოდ არ იმართება. არის ღია კარის დღე. მე შევდივარ და თითოეულ მასწავლებელს ინდივიდუალურად ვნახულობ. ეს თვეში ერთხელ ხდება. გვაქვს ელექტრონული დღიური, სადაც მასწავლებელს შეუძლია, დავალებასთან ერთად ჩემი შვილის მისამართით კომენტარიც მიაწეროს, რასაც ვხედავ. მე ყოველდღიურად ვგებულობ, ბავშვმა თითოეულ გაკვეთილზე რა გააკეთა, არა მარტო სწავლის მხრივ. ვიცი, რა პრობლემა ჰქონდა, იყო თუ არა დიდი ფსიქო–ემოციური როლი და ასე შემდეგ. ჩემმა შვილმა, რომელიც გოგოა, მეშვიდე კლასში თავი გადაიპარსა და ღია კარის დღეზე ერთ-ერთმა მასწავლებელმა მადლობა გადამიხადა, რომ მე მას ინდივიდუალიზმი არ ჩავუხშე, რომ მე მას ზომიერების ფარგლებში იმის უფლებას ვაძლევ, რაც უნდა და, რომ ეს ბავშვს ეტყობა“, – განაცხადა მოზარდის მშობელმა.
მისი თქმით, ბავშვის აღზრდაში სკოლა და ოჯახი თანაბრად მონაწილეობს.
„ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ფსიქოლოგები დამეთანხმებიან, რომ ბავშვი ოჯახში, სკოლაში და ქუჩაში რადიკალურად განსხვავებულია. თუ მასწავლებელმა პრობლემის იდენტიფიცირება არ მოახდინა და ინფორმაცია არ მომაწოდა, რომ ჩემს შვილს სკოლაში პრობლემა აქვს, თუნდაც, ბულინგის მსხვერპლია, ან ზედმეტად აგრესიულია, მე ამას ვერ გავიგებ“, – განაცხადა კიმოთიძემ.
როგორც მოზარდის მშობელმა განაცხადა, დღეს აქცენტი მხოლოდ სწავლაზე კეთდება და მშობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში იბარებენ, თუ ბავშვმა რაღაც საოცრება ჩაიდინა.
„ჩემს ირგვლივ სკოლაში არც ერთი მშობელი არ დაუბარებიათ და არ უთქვამთ, რომ მათი შვილი ბულინგის მსხვერპლია. მე შვილს ვანდობ სკოლას და მინდა, ის უსაფრთხოდ იყოს, მაგრამ ხშირად, ვთქვათ, თუნდაც მასწავლებლის მხრიდან დაბულინგებული მიბრუნდება. ძალიან ხშირად იხშობა მისი ინდივიდუალიზმი. ანუ, ბავშვი რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში იკეტება, სადაც 28 ბავშვია და დანარჩენ 2 ბავშვს, რომლებიც ინდივიდუალურები არიან, მასწავლებელი ამ ჩარჩოში მოქცევას აიძულებს“, – განაცხადა ნინო კიმოთიძემ.