განათლების სპეციალისტი - სკოლა უსაფრთხო რომ გახდეს, საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა იყვნენ
განათლების სპეციალისტი - სკოლა უსაფრთხო რომ გახდეს, საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა იყვნენ

უსაფრთხო სკოლა უნდა იყოს ზრუნვაზე ორიენტირებული. ზრუნვა არა მხოლოდ მოფერებას, ან დაყვავებას, არამედ შესაბამისი ცოდნის მიცემას, უფროს-უმცროსსა თუ თანატოლთა შორის ქცევას გულისხმობს, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, გიორგი გახელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა ვზრუნავთ, პრობლემებს ვხედავთ. გულისხმიერება ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, როცა ადამიანის წუხილსა და სიხარულს არ უგულებელვყოფთ. ესაა მოდელი, კონცეფცია, რაც სკოლაში უნდა დამკვიდრდეს“, – განაცხადა გახელაძემ.

როგორც განათლების სპეციალისტმა აღნიშნა, იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა იყვნენ.

„პირველ რიგში, საჯარო სკოლები თანამშრომლობისთვის უფრო ღია უნდა გახდნენ ერთი მხრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, მეორე მხრივ კი სოციალური მომსახურების სამსახურებთან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს ადმინისტრაციული ბერკეტი, რომ სკოლა ნაკლებად იზოლირებული ინსტიტუცია გახდეს“, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.