სკოლის მანდატურები  სამი კვირის ნაცვლად, ორთვიანი ახალი სასწავლო კურსით გადამზადდებიან
სკოლის მანდატურები სამი კვირის ნაცვლად, ორთვიანი ახალი სასწავლო კურსით გადამზადდებიან

მანდატურის სამსახური უფრო მეტად პრევენციასა და ზრუნვაზე  იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ „უსაფრთხო სკოლის“ პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გელაძის თქმით, სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობას, ამ მიზნით მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტს აძლიერებს.

„სწორედ ამ ორი მექანიზმით ვიქნებით წარმოდგენილი საჯარო სკოლებში. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჩვენი სამსახური წარმოდგენილია 458 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეების 70 პროცენტი სწავლობს. ამ რეფორმის ფარგლებში ყველა მანდატურს აქვს უნარი, დროულად მოახდინოს ემოციური პრობლემების მქონე ბავშვების და ზოგადად ძალადობის ნიშნების მქონე მოსწავლეების გამოვლენა, გადამისამართება ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში და შემდეგ ჩვენი ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და ბავშვთა ფსიქიატრების ჩართვა“, – აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

ამასთან, გელა გელაძის განცხადებით, აქამდე მანდატურები სამ კვირიანი გადამზადების კურსს გადიოდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით კურსის ხანგრძლივობა ორ თვემდე გაიზარდა.

„პოლიციის აკადემიაში მანდატურის თანამშრომლები სამი კვირის ნაცვლად, ორთვიანი ახალი სასწავლო მოდულით მზადდებიან, სადაც ეუფლებიან ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტური სიტუაციების მართვას, ფიზიკურ მომზადებასა და პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაწევის უნარებს“, – განაცხადა მან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების რეფორმის ფარგლებში დღეს პრეზენტაცია გაიმართა. დისკუსიის თემა „უსაფრთხო სკოლის“ იყო.

დატოვე კომენტარი