თამარ მოსიაშვილი - სასკოლო უსაფრთხოების პროგრამა სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული უნდა იყოს
თამარ მოსიაშვილი - სასკოლო უსაფრთხოების პროგრამა სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული უნდა იყოს

მეჩვენება, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, სკოლებში კონტროლის ელემენტი გაძლიერდება და ამ მიმართულებით, ჩვენ არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, თამარ მოსიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება სკოლებში რისკების შემცირება. ანუ, ვინ გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა სკოლას მანდატური. ოდესმე, იქნებ, გვქონდეს შესაძლებლობა, საქართველოში უსაფრთხო სკოლის უფრო ფართო კონცეფცია შემუშავდეს, რომელიც კონტროლზე ორიენტირებულ უსაფრთხოებასთან ერთად, ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხოების პროგრამების დანერგვას, მათ სინთეზს გულისხმობს“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

მისი თქმით, სასკოლო უსაფრთხოების პროგრამები სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული უნდა იყოს.

„იქ, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ძალიან დიდია და მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ხშირია, სასკოლო უსაფრთხოება უნდა გამკაცრდეს, მაგრამ იმ სკოლებში, სადაც ეს ასე არ არის, სასკოლო უსაფრთხოება ცალსახად განსხვავებული უნდა იყოს. ასევე, განსხვავებული უნდა იყოს იმ უბნებში, სადაც ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს და ბავშვები ნელ-ნელა ქრებიან, ანუ სკოლას ტოვებენ“, – განაცხადა მოსიაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რისკების შეფასებისა და პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში, ასევე სასკოლო უსაფრთხოების პროგრამების შინაარსის განსაზღვრაში თავად სკოლებმა მიიღონ მონაწილეობა.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის სასკოლო უსაფრთხოებას ადამიანური, ფინანსური და დროის რესურსი სჭირდება.

„2010 თუ 2011 წლიდან დღემდე საკმაოდ სერიოზულ თანხას ვხარჯავთ კონტროლზე ორიენტირებულ უსაფრთხოებაში, მანდატურის ინსტიტუტში და ისმის კითხვა, სჭირდება თუ არა ყველა სკოლას ერთი და იგივე შინაარსის პროგრამა და კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება“, – განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

დატოვე კომენტარი