უწყებათაშორისი კომისია სკოლებში უსაფრთხოების თემაზე რეკომენდაციებს 6 თებერვალს წარადგენს
უწყებათაშორისი კომისია სკოლებში უსაფრთხოების თემაზე რეკომენდაციებს 6 თებერვალს წარადგენს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისია 6 თებერვალს რეკომენდაციათა ნუსხას წარადგენს, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით კომპლექსურ მიდგომას ჩამოაყალიბებს.

როგორც პირველ არხს ჯაშმა განუცხადა, უწყებათაშორისი კომისია ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და რეკომენდაციები უკვე მოამზადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები ეხება ფსიქოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობას, სპორტული აქტივობის ხელშეწყობას და ა.შ.

„კომისიამ რეკომენდაციები უკვე შეიმუშავა და საბოლოო განხილვები მიმდინარეობს. წარმოდგენილი ის ცვლილებები იქნება, რომელიც მანდატურის სამსახურისა და ზოგადი განათლების სხვადასხვა მომენტებში შევა. მთავარი მიმართულება დანაშაულისა და კონფლიქტის პრევენცია იქნება, რომელიც შეეხება როგორც მანდატურის სამსახურის უფლებამოსილების გადახედვას, ასევე მანდატურის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა უსაფრთხოება დაცული იყოს როგორც სკოლის, ასევე მის გარე ტერიტორიაზე. მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ის იქნება, რომ კონცენტრირება რეაგირებიდან პრევენციაზე მოხდეს“, – განაცხადა ჯაშმა.