მიხეილ ბატიაშვილი - მანდატურის სამსახურის რეფორმირების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს
მიხეილ ბატიაშვილი - მანდატურის სამსახურის რეფორმირების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს

მანდატურის სამსახურის რეფორმისა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და ბევრი ცვლილება განხორციელდა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კოორდინირებული მუშაობა წარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გაიზრდა მანდატურის უფლებები მოვლენების აღკვეთისა და პრევენციის კუთხით.

„განისაზღვრა მანდატურების გადამზადება. ეს მიმდინარე პროცესია და ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა. ასევე, მნიშვნელოვანია ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც ჩაერთო სკოლების მუშაობაში. საუბარია პედაგოგთან, მშობლებთან, მოსწავლესთან, ყველა მხარესთან ერთობლივ მუშაობაზე, თუმცა კიდევ ნაბიჯია გადასადგმელი, რადგან ეს მხოლოდ ერთი ნაწილია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში ამ მიმართულებით მუშაობს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტატისტიკის ანალიზის, ასევე პროცესების მუდმივი მონიტორინგის შედეგად გადაწყდება, რა მიმართულებით იქნება საჭირო გაუმჯობესება და ცვლილებების შეტანა.