კოსმოსური სააგენტო ამის ამსახველ ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ამჯერად თან ხმაც ახლავს. ეს „ინჯენუიტის“ მეოთხე ფრენა იყო.
დაახლოებით სამწუთიანი ვიდეო ეზეროს კრატერში მქროლი ქარის ყრუ ხმით იწყება. სწორედ ამ კრატერში დაეშვა „პერსევერანსი“ თებერვალში და იქ უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალი უნდა მოძებნოს.
„ინჯენუიტი“ მიწას სწყდება და წუთში დაახლოებით 2400 ბრუნის შესრულებისას, მისი როტორული ფრთები მოგუდულ ხმებს გამოსცემს. ამჯერად მან 130 მეტრი გაიფრინა და უკან დაბრუნდა.
მისიის ინჟინრები ხმის ჩაწერას საერთოდ არც ვარაუდობდნენ, რადგან პერსევერანსი ამ დროს ვერტმფრენის აფრენისა და დაფრენის ადგილიდან 80 მეტრის დაშორებით იდგა.
მარსის ატმოსფეროს დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს და შესაბამისად, მასში ბგერა გაცილებით ცუდად ვრცელდება. გარდა ამისა, მარსზე გამოცემული ბგერა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა ვრცელდება, დაახლოებით 240 მეტრი წამში სიჩქარით; დედამიწაზე ეს მაჩვენებელი 340 მეტრი წამშია.
მარსის ატმოსფეროს 96 პროცენტი ნახშირორჟანგისგან შედგება, რომელიც მაღალი ტონის ბგერას უკეთესად შთანთქავს და შესაბამისად, დაბალი ტონის ბგერები უფრო დიდ მანძილზე ვრცელდება.
აუდიომასალა მონო რეჟიმშია ჩაწერილი და შემდეგ არის გაძლიერებული.